პრემიერ–მინისტრმა ამ საკითხზე კომენტარი დღეს, კახეთში ვიზიტისას გააკეთა.
“ძალიან ცუდია, რომ “უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი”, ამ თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ. ეს შემთხვევა მოხდა ” ნაციონალების” დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16 სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც, ორი წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნებაა” დამნაშავე ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში. ვიდეო 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბიწოშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
“ნაციონალური მოძრაობა” ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით უმცირესობა პარლამენტის ბიუროს მიმართავს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ნაპოვნი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ისევ გამოძიების მოლოდინში არიან.