ახალი ამბები

სახელმწიფოც ითხოვდა ვალდებულებების გადავადებას — ხაზარაძე გახარიას ნახსენებ პრივილეგიებზე

24 მარტი, 2019 • 781
სახელმწიფოც ითხოვდა ვალდებულებების გადავადებას — ხაზარაძე გახარიას ნახსენებ პრივილეგიებზე

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფომ მათ რამდენჯერმე გადაუვადა ვალდებულებების შესრულების თარიღი, ამის მსგავსად, სახელმწიფოც ითხოვდა თავისი ვალდებულებების გადავადებას. მისი თქმით, შეუძლიათ ეს დოკუმენტურად დაადასტურონ.

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე ეკონომიკის მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი იყო, ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენი უწოდა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 22 მარტს კი განმარტა, რა იგულისხმა ამაში: “რამდენჯერ იყო, მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება… რა არის სხვა პრივილეგია”, — განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძემ  რუსთავი2-ის ეთერში 24 მარტს გასულ გადაცემაში “Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”, განაცხადა:

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გადავადებები, მაგრამ ეს გადავადებები მოხდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან არ მიგვიღია და არავის ეს ჯარიმა არ უპატიებია ჩვენთვის… როცა ჩვენ გვეპატია რაღაცა, ასევე სახელმწიფომაც გვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება. ჩვენ შეგვიძლია ეს დოკუმენტურად გაჩვენოთ”.

ხაზარაძის შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან დამოკიდებულება არ არის სწორი: “მე ვარ სახელმწიფო, შენ პატარა ხარ და მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ ჩემზე არ შეგიძლია არ ისაუბრო, ეგრე არ არის”.

“ჩემი 30-წლიანი ბიზნესის განმავლობაში ვერ ნახავთ ვერცერთ კონტრაქტს, რომელიც ჩვენ პირდაპირი წესით მოგვეყიდა და რომელიც ჩვენ ან აუქციონზე ან კონკურენციის პირობებში არ მოგვიპოვებია”, — განაცხადა ხაზარაძემ.

გახარია განმარტავს, რატომ უწოდა ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი