ახალი ამბები

ISIS, ტერიტორიული თვალსაზრისით, დამარცხებულია – სირიის დემოკრატიული ძალები

23 მარტი, 2019 • 1390
ISIS, ტერიტორიული თვალსაზრისით, დამარცხებულია – სირიის დემოკრატიული ძალები

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” 5-წლიანი “სახალიფოს” არსებობა დასრულდა – ამის შესახებ აშშ-ს მხარდაჭერილი “სირიის დემოკრატიული ძალების(SDF)” სარდლობა იუწყება.

BBC-ის თანახმად, ქურთებით დაკომპლექტებული სამხედრო კოალიციის მებრძოლებმა ბაღუზში თავიანთი დროშები აღმართეს: ეს არის უკანასკნელი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა.

“სირიის დემოკრატიული ძალები აცხადებენ ე.წ. სახალიფოს სრულ განადგურებას და ISIS-ის 100%-იან ტერიტორიულ მარცხს”, – განაცხადა SDF-ის პრესსამსახურის უფროსმა, მუსტაფა ბალიმ.

“სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” ISIS-ის უკანასკნელ კონტროლირებად პოზიციებზე შეტევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყეს. ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლები ტერიტორიის შენარჩუნებას თვითმკვლელი ტერორისტებისა და ავტომობილებში ჩამონტაჟებული ბომბების აფეთქების გზით ცდილობდნენ. ამასთან, ტელეარხის თანახმად, აშშ-ის მხარდაჭერილი ალიანსის წარმომადგენლებს გარკვეულ პერიოდში ბრძოლის შენელება უწევდათ, ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო.

ტერორისტული “ისლამური სახელმწიფო” ერაყში აშშ-ის მიერ 2003 წელს განხორციელებული სამხედრო კამპანიის შემდეგ გააქტიურდა, 2014 წელს კი ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა და სახალიფოს შექმნა გამოაცხადა. ნავთობზე წვდომის, ძარცვის, გატაცებებისა და მკვლელობების გზით ის მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებდა.

მიუხედავად ტერიტორიული მარცხისა, ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ აქტიურია აზიისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ავღანეთსა და ფილიპინებში. თუმცა, თავად ISIS არც ტერიტორიულ მარცხს ადასტურებს: ბაღუზის დაკარგვის შემდეგ, მათ აუდიო მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც ამბობენ, რომ “სახალიფო” დასრულებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი