ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის მიერ პატიმრების შეწყალება მორალური სიდიადის მაგალითია – დეპუტატი

22 მარტი, 2019 • 1110
ალიევის მიერ პატიმრების შეწყალება მორალური სიდიადის მაგალითია – დეპუტატი

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, გოვჰარ ბახშალიევამ აზერბაიჯანულ მედიასთან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეწყალების აქტი ჰუმანიზმის უმაღლეს გამოვლინებად შეაფასა:

“ბერძენმა ფილოსოფისმა სოკრატემ- კითხვაზე, “რა არის ადამიანურობა”? – უპასუხა,  “პატიების უნარი”. ამ მხრივ, ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნოვრუზის დღესასწაულისთვის გადადგა, ნათელი მაგალითია მორალური სიდიადისა, რომელიც ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან კულტურულ ტრადიციებზეა დამყარებული და რაც ჰუმანიზმის აქტია.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა მოქალაქის პრეზიდენტია, რომ აზერბაჯანი იცავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებს და ამ კუთხით სულ უფრო სრულყოფილი ხდება”, – აცხადებს დეპუტატი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 51 აზერბაიჯანის მოქალაქე.

2019 წელს გამოქვეყნებულ სიაში, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ადგენენ, აზერბაიჯანში 127 პოლიტპატიმარი ირიცხებოდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეებში 74 პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბლოგერები და პოლიტიკური აქტივისტები. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2019 წლის შეწყალება ყველაზე უპრეცედენტოა გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა რაოდენობით.

ამ დრომდე ციხეში რჩება გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი