ახალი ამბები

ავარიული სახლების შემთხვევაში მივცემთ უფლებას წავიდნენ სიმაღლეში – კალაძე k2 კოეფიციენტზე

21 მარტი, 2019 • 2065
ავარიული სახლების შემთხვევაში მივცემთ უფლებას წავიდნენ სიმაღლეში – კალაძე k2 კოეფიციენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ავარიული სახლებისა და დაუმთავრებელი მშენებლობების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებს უფლებას მისცემენ “წავიდნენ სიმაღლეში”.

ეს განცხადება კალაძემ 21 მარტს გააკეთა, როცა ვიდეოდიალიგის ფორმატში, ფეისბუკით პასუხობდა მოქალაქეების კითხვებს, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ აიკრძალება k2 კოეფიციენტის გაყიდვა. 

„თქვენ იცით, რომ კ2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ახალი გენერალური გეგმაც იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული „ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“, – განაცხადა კახა კალაძემ 21 მარტს. 

კალაძის თქმით, თბილისში 170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია, რომელთა მესაკუთრეები წლებია, საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად, და ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნება დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.  


  • კახა კალაძემ 15 თებერვალს განაცხადა, რომ  თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით “აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა”.
  • კოეფიციენტი კ2, იგივე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. კერძოდ, კოეფიციენტი ადგენს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები.

 


K2 კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება – კალაძე “ურბანული ქაოსის დასრულებას” აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი