ახალი ამბები

“ოცნებას” სავარაუდოდ საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილიც დატოვებს

21 მარტი, 2019 • 1774
“ოცნებას” სავარაუდოდ საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილიც დატოვებს

“ოცნება” შესაძლოა დატოვოს თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ვატო შაქარიშვილმაც.

21 მარტს ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” მან გააკრიტიკა  მმართველი ძალა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

შაქარიშვილი ამბობს, რომ 2012 წელს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვებას ციხეში შეხვდა იმის გამო, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა უაპელაციოდ შეასრულა.  მისი თქმით, გადაწყვეტილება მის საქმეზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მიიღო:

“იმ მოსამართლემ, რომელიც იმ ათკაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტს უვადო მოსამართლედ დასანიშნად წარუდგინეს და რომლებზეც ახლა გვეუბნებიან, რომ ადრე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ზეწოლის ქვეშ და ახლა კარგები გახდნენ”.

ის ამბობს, რომ მისი პირადი საკითხის გამო არ არის მხოლოდ კრიტიკული ამ პროცესების მიმართ და რჩება იმ იდეალების ერთგული, რითაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა.

შაქარიშვილს არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს “ოცნებას”, თუმცა აღნიშნა, რომ მის მსგავსად კრიტიკულად განწყობილი ბევრია “ოცნებაში” ამ პროცესების გამო და ეკა ბესელიას დიდ პატივს სცემს.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ის ასე პასუხობს:

“მე ყოველთვის მადლიერების განცდა მექნება იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი სიკეთე, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც. ამას შევინარჩუნებ, ცხადია, მაგრამ დღევანდელ პროცესში, როცა ის ადამიანი [ბიძინა ივცანიშვილი] ხელმძღვანელობს თუნდაც პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც იწერება იუსტიციის საბჭოში და შემდეგ “ქართული ოცნების” სახელით და ვანო ზარდიაშვილის პირით ეცნობება საზოგადოებას, თვითონ საზოგადოებამ განსაჯოს კონკრეტული ადამიანების როლი”.

შაქარიშვილი მოსამართლეების შესახებ კობახიძის კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:


შაქარიშვილი 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში ყვება თავისი პატიმრობის დეტალებს: “2012 წელს, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 19 აგვისტოს დამაკავეს და 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდეს. 15 ოქტომბერს გავთავისუფლდი, როდესაც ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდიოდა. 2 თვე მე და ჩემს მეგობრებს პატიმრობაში ყოფნამ უსამართლო და აბსურდული ბრალდების გამო მოგვიწია. “ნაციონალების” ოფისში შეჭრას და ინვენტარის დაზიანებას მედავებოდნენ, რომელთანაც შეხება არ მქონია”.

ვატო [ვახტანგ] შაქარიშვილი თბილისის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან. ის საბურთალოს რაიონში “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი იყო თვითმმართველობის არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი