ნაზარბაევმა დემოკრატიის რელსებზე დააყენა თავისი ქვეყანა – დეპუტატი ნოზაძე

“ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციიდან პარლამენტის წევრ სიმონ ნოზაძის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის “დიდი შვილია”, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ მართვის სისტემაზე გადაიყვანა.

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ნოზაძემ რომან გოცირიძის საპასუხო განცხადებაში ისაუბრა.

“უამრავი მეგობარი მყავს ყაზახეთში და მინდა გითხათ, რომ ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია. მან დემოკრატიის რელსებზე დააყენა და ეკონომიკური დინამიკა მიანიჭა თავისი ქვეყნის განვითარებას. ორი დღის წინ მიღებული მისი გადაწყვეტილება [გადადგომა] ყაზახეთში დემოკრატიის გამარჯვების დამადასტურებელია,”-აცხადებს ნოზაძე.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას დღეს, 20 მარტს, სახელი შეუცვალეს და უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელი ნურსულთანი დაარქვეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ქვეყნის კონსტიტუციაში პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კასიმ-ჯომარ ტოკაევმა.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იუსტიციის სამინისტროსთვის სახელის გადარქმევაზე და მას “თეა” უნდა ეწოდოს, მინისტრ თეა წულუკიანის გამო. ნოზაძის შეფასებით, გოცირიძემ ნაზარბაევთან დაკავშირებით ირონიულად ისაუბრა.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა, გადადგომის შესახებ 19 მარტს განაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტი მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი შეასრულებს. სპიკერის პოსტი კი უკვე დაიკავა ნაზარბაევის შვილმა დარიგა ნაზარბაევამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.