“ბოლო ორი კვირაა საქართველოში არ ვიმყოფები. ახლაღა შევიტყე ამ ორიოდე დღის წინ ქობულეთში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შესახებ. ყოველი შეურაცხმყოფელი ქმედება (და ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს შეურაცხმყოფელ ქმედებასთან!) მიუღებელია და ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ერთად ცხოვრებას. საჭიროა ვიზრუნოთ, რათა არ იმატოს დაძაბულობამ, საჭიროა ვიზრუნოთ, რათა განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, ღიაობა იზრდებოდეს, ხოლო ამისათვის საჭიროა, გაიცნო შენგან განსხვავებული. რელიგია ვერასოდეს გახდება და ჩვენს ხელში არც უნდა დავუშვათ, რომ გახდეს სიძულვილის მიზეზად და წყაროდ. ხშირად სიძულვილისა და შეურაცხყოფის მიზეზი უვიცობაა. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსთავარი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ამ უმსგავსობის გამო და ვგმობ ამ ამაზრზენ ფაქტს”, – აცხადებს ჯუზეპე პაზოტო.