ახალი ამბები

სკოლებში შესაძლოა რელიგიის საგნის სწავლება დაიწყოს

12 სექტემბერი, 2014 • • 1325
სკოლებში შესაძლოა რელიგიის საგნის სწავლება დაიწყოს

ეს განცხადება მან დღეს, 12 სექტემბერს მედიისთვის დახურულ კონფერენციაზე “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება” განაცხადა.

 

კონფერენციის შემდეგ ნეტგაზეთმა ზაზა ვაშაყმაძეს ჰკითხა, რა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი.

 

“დაიმახსოვრეთ, რომ რელიგია არის ძალიან სათუთი საკითხი და თემა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კუთხით ეს საკითხი, ასე ვთქვათ, მიშვებულია და დაურეგულირებელია, ქმნის გაუცხოებას. გაუცხოება და ერთმანეთის არცოდნა ქმნის პრობლემებს – გაუტანლობას, ტოლერანტული გარემოს არშექმნას და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაუნათლებლობის და ერთმანეთის არცნობის ბრალია. იკვეთება პოზიცია, რომ მიზანშეწონილია რაღაც ფორმატში იყოს განათლების კუთხით ხელმისაწვდომობა. და ეს საშუალო სკოლებში იქნება თუ უმაღლეს სასწავლებლებში, რელიგიური ჯგუფები, რელიგიური კონფესიები, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთს  უნდა იცნობდნენ. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ მათ შორის აღარ იყოს დაძაბულობა,”- განუცხადა ვაშაყმაძემ ნეტგაზეთს. მისივე თქმით, საუბარია, ასევე, ზოგადად სამართლებრივ რეგულაციებზე რელიგიის საკითხებში.

 

“ზოგადად სამართლებრივ რეგულაციებზეა საუბარი. ეს მასალები გამოქვეყნდება და, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რა იგულისხმება. ზოგადად, ნორმატიული აქტების ა არსებობა ამ სფეროში ქმნის ბევრ გაურკვევლობას, რაც, სამწუხაროდ, ქმნის იმ საფუძველს, რაც საქართველოში არსებობს. თუნდაც ის ფორმატი, რომელსაც რელიგიურ ნიადაგზე გაუგებრობებს აქვს ადგილი, ამის საფუძველია რეგულაციების არარსებობა.”

 

კითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის რეგულაციებზე მუშაობს სახელმწიფო, ამბობს, რომ ისინი ჯერ შემუშავებული არ არის.

 

“შევიმუშავებთ და მოგახსენებთ. ამ ეტაპზე პროექტის სახით არის ამაზე საუბარი. საკანონმდებლო საკითხები პარლამენტის მისაღებია და პარლამენტი მიიღებს თუ არ მიიღებს, ეს ცალკე საკითხია.”

 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა აღნიშნულ კონფერენციაზე, ვაშაყმაძის განცხადებაში რისკებს ხედავს.

“ეს არის სერიოზული უკანსვლა იმ მიღწევისა, რაც საკანონმდებლო დონეზე აქვს საქართველოს. დღეს მოქმედი ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამბობს, რომ სკოლა რელიგიურად ნეიტრალური სეკულარული სივრცეა, და რელიგიის სწავლა შესაძლებელია სასწავლო საათების შემდეგ, მოსწავლეებთან ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ საკითხშიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელწმიფოს მონიტორინგი უნდა არსებობდეს. ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს ვაშაყმაძე, პრინციპში არის კონფესიური სწავლება და სკოლაში ინსტიტუციური დაბრუნება ეკლესიის და რელიგიური გაერთიანებების, რაც საკმაოდ პრობლემატურია. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ინდოქტრინაციას. იმ კუთხით დასმა საკითხის, რომ დღეს შეუწყნარებლობა გაუნათლებლობის პრობლემაა და ბავშვებმა უნდა იცოდნენ რელიგიების შესახებ, ეს მიზანი დღევანდელი ეროვნული პროგრამებით სრულდება. იმიტომ, რომ სხვადასხვა  საგანში, მათ შორის ისტორიაში, არის გათვალისწინებული კომპონენტი, რომელიც რელიგიების შესახებ ისტორიას მოიცავს, ამიტომ ეს მიზანი, თუ ის სათანადოდ შეისწავლება, კონფესიური სწავლების გარეშეც იქნება შესრულებული,”- ამბობს მიქელაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი