ახალი ამბები

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს

19 მარტი, 2019 • 2618
აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროს დახურვას ითვალისწინებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც არაერთი მიმართულებით ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, 180 მილიონი დოლარით, 808 მილიონიდან 628 მილიონამდე, უნდა შემცირდეს USAGM-ის (აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო) საერთაშორისო სამაუწყებლო პროგრამები.

როგორც რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახური იტყობინება, პროექტის მიხედვით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების 124-მილიონიანი ბიუჯეტის 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. ეს შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით, ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

როგორც ბიუჯეტის დასაბუთებაშია აღნიშნული, ბიუჯეტის შემცირების შედეგად USAGM-ის პროგრამები ფოკუსირებული იქნება უფრო ვიწრო პრიორიტეტებსა და ქმედებებზე. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საინფორმაციო პოლიტიკა კონკურენტებთან შედარებით არ არის ეფექტური.

როგორც USAGM თავის ვებსაიტზე წერს, მიუხედავად ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი შემცირებისა, ამერიკის საინფორმაციო პოლიტიკა გაძლიერდება სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ:

  • გაგრძელდება სპარსულენოვანი 24-საათიანი მაუწყებლობის შექმნა “ამერიკის ხმისა” და რადიო “თავისუფლების” პარტნიორობით;
  • მანდარინის ენაზე (ამ ენაზე საუბრობენ ჩინეთში) შეიქმნება საერთაშორისო ონლაინ მედიასაშუალება;
  • გაძლიერდება რუსულენოვანი კონტენტის წარმოება Current Time-ზე;
  • პრიორიტეტი გახდება უფრო მეტ აუდიტორიაზე წვდომა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთებით, ვენესუელაში;
  • განვითარდება ლტოლვილებზე ფოკუსირებული მაუწყებლობები;
  • გაგრძელდება “კუბის სამაუწყებლო ოფისისა” და “ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლოს ქსელის” მოდერნიზება და ტრანსფორმაცია.

ტრამპის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის არის USAID-ის დაფინანსების შემცირება, ხოლო ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი დახმარებების საერთოდ გაუქმება. ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაფინანსების შემცირებას ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, თუმცა გათვალისწინებულია ხარჯების ზრდა თავდაცვის სფეროებში. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად საჭირო 8 მილიარდ დოლარზე მეტი.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპი უკვე წლებია ცდილობს, ამერიკის ბიუჯეტი თავისი საარჩევნო დაპირებების შესაბამისად დაგეგმოს, შეამციროს ან გააუქმოს მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, თუმცა ამას ვერ ახერხებს, რადგან საბოლოო სიტყვას ამბობს კონგრესი.

როგორც USA Today წერს, დემოკრატები, რომლებიც აკონტროლებენ კონგრესში წარმომადგენელთა პალატას, ტრამპის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ. გარდა ამისა, ტრამპს გაუჭირდება რესპუბლიკელების ნაწილის მხარდამჭერთა მიღება, რადგან კონგრესში მიაჩნიათ, რომ ამ მასშტაბის შემცირებები აშშ-ის ინტერესებს დააზიანებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი