ახალი ამბები

საქართველოში ჰაერის დაბიძნურების წყარო ტრანსპორტი და ინდუსტრიული სფეროა – აუდიტი

15 მარტი, 2019 • 2107
საქართველოში ჰაერის დაბიძნურების წყარო ტრანსპორტი და ინდუსტრიული სფეროა – აუდიტი

ევროპის 15 ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ ატმოსფერული ხარისხის მდგომარეობის შესახებ ერთობლივი ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში ჰაერის დაბინძურების კუთხით მდგომარეობაცაა ასახული.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წელს დასრულდა, საქართველოში ჰაერის დაბინძურების კუთხით კრიტიკული გავლენა ტრანსპორტსა და ინდუსტრიულ სფეროს აქვს.

ქვეყნებს შორის, რომლებსაც გარემოს ევროპულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ვალდებულება არ აქვთ, საქართველოში PM10 და PM2.5 (მყარი ნაწილაკები, რომლებიც მშენებლობებისა და საწვავის წვის შედეგად ხვდება ჰაერში და კრიტიკული გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე) ნაწილაკების ჰაერში წლიური კონცენტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

მაგალითისთვის, თუ PM10 ნაწილაკების საშუალო წლიური შემცველობა ჰაერში მოლდოვის დედაქალქის, კიშინოვისთვის 20.5 ერთეული იყო, საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში, 2016 წლის მონაცემით, 40 ერთეულს შეადგენდა. ამ კრიტერიუმით თბილისზე ცუდი შედეგი აქვს იერუსალიმს( 42.5), და თელავივს, რასაც PM10 ნაწილაკების წლიური შემცველობა ჰაერში 45.5 ერთეული იყო.

ამ დამაბინძურებლის ყველაზე დაბალი წლიური კონცენტრაცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც გარემოს ევროპულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვთ, ესტონეთში დაფიქსირდა, ტალინში ამ მონაცემმა 16.8 ერთეული შეადგინა, ყველაზე მაღალი კი მაკედონიის ქალაქ ტეტოვოში, 97.3 ერთეული იყო.

ამ კუთხით საქართველოს მონაცემემი ევროკავშირის სტანდარტის ზედა ზღვარზეა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას კი ორჯერ აჭარბებს.

კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციით, PM10 ნაწილაკების წლიური შემცველობა ჰაერში 40 ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი უფრო მკაცრ ზღვარს აწესებს, რომლის მიხედვითაც, ეს მონაცემი 20-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თუმცა PM2.5 (საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი ნაწილაკები) ნაწილაკების შემცველობის კუთხით მოლდოვისა და ისრაელის მონაცემებს საქართველო აჭარბებს. კერძოდ, თბილისში ამ დამაბინძურებლის წლიურ კონცენტრაციად 21.5 ერთეულია მითითებული, როცა კიშინოვში იგივე დამაბინძურებლის წლიური კონცენტრაცია 15.3 ერთეულს არ აღემატება. იერუსალიმსა და თელ-ავივში კი 16.5 და 20.6 ერთეული დაფიქსირდა.

ქვეყნებს შორის, რომლებსაც გარემოს ევროპულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვთ, PM2.5 ნაწილაკების ყველაზე დიდი წლიური კონცენტრაცია მაკედონიის ქალაქ სკოპიეში იყო (52.5 ერთეული ) – ყველაზე დაბალი კი -ესტონეთის ქალაქ ტარტუში, სადაც ამ ტიპის მყარი ნაწილაკების ჰაერში შემცველობის წლიური მაჩვენებელი 5.9 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხება ზღვარს, ევროკავშირის სტანდარტით, PM2.5 ნაწილაკების შემცველობა ჰაერში წლიურად 25 ერთეულს არ უნდა აჭარბებდეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი ამ მიმართულებით ზღვრულ ნორმად 10 მიკროგრამს აწესებს ჰაერის თითოეულ კუბურ მეტრზე.
დოკუმენტში ასევე მითითებულია რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშში მიმოხილულმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. მათ შორის, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, განისაზღვროს მისაღები ზღვრული ოდენობები მყარ ნაწილაკებზე და გადაისინჯოს სხვა მაჩვენებლების ზღვრული ოდენობები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

ასევე, შემუშავდეს, დამტკიცდეს და განხორციელდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეროვნული სტრატეგია და პოლიტიკა და გაუმჯობესდეს პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაცია.

ამასთან, საქართველოს მოუწოდებენ, გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელი. ამ მიზნით: სადგურები განთავსდეს ადეკვატურ ადგილებში, სადაც მოხდება მათი მუდმივი მოვლა-პატრონობა და გეგმური შეკეთება; დაინერგოს მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ცენტრალიზებული სისტემა, დროის რეალურ რეჟიმში განხორციელდეს შეფასებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგება.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს.

ასევე, აუდიტი მიიჩნევს, რომ მეტი კოორდინაცია და ზედამხედველობაა საჭირო გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი ქმედებების ეფექტიანობა იქნეს უზრუნველყოფილი:

“ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი ნივთიერებების უმრავლესობა ტრანსპორტისა და მშენებლობის სექტორებიდან მომდინარეობს. ორივე სექტორში წარმოიქმნება CO, SO2, NO, NO2 და მყარი ნაწილაკები. საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

აუდიტის პერიოდში ყველა კატეგორიის ავტომობილზე არ ვრცელდებოდა სავალდებულო ინსპექტირების ვალდებულება (იხ. ცხრილი 1). თუმცა, 2019 წლის 1 იანვრიდან ის ყველა ტიპის ავტომობილს შეეხება. გამონაბოლქვიდან ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ხანდაზმული ასაკია, რადგან ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 91% ათ წელზე მეტი ხნისაა და წვის ძრავა მოძველებულია” – ამბობენ დოკუმენტის ავტორები.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირებას შემდეგი პრობლემები აქვს:

კერძოდ, 2016 წელს შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალებების 76%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერება.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალური მიკროავტობუსების დაახლოებით 40%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერება, ხოლო რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, 68%-მა ვერ შეძლო პროცედურების გავლა მათი ხანდაზმულობის და შიდა წვის სისტემების სიძველის გამო.

ასევე პრობლემადაა მიჩნეული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაბალი აქტივობა. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო ინსპექტირების ლიცენზიის არქონის გამო ავტომობილების მხოლოდ 13.6% დააჯარიმა შესაფასებელ პერიოდში. ამასთანავე, შეუსაბამოდ დაბალი იყო სანქცია-საურავები: ფიზიკური პირების შემთხვევაში − 10 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებთან, თითო შემთხვევაზე − 50 ლარი.

რას ამბობს გარემოს დაცვის სამინისტრო

აღნიშნულ ანგარიშზე განმარტება გაავრცელა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიში 2017 წლის კვლევებს ეფუძნება და ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა დღეისათვის უკვე შესრულებულია, კერძოდ:

  • 2018 წელს ოფიციალურად დამტკიცდა და ვადების შესაბამისად ხორციელდება გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა;
  • 2018 წლის 27 ივლისს დამტკიცდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები; პირველი აგვისტოდან ეს სტანდარტები ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა;
  • უმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; რუსთავში უკვე გაიხსნა ერთი ახალი სადგური; აპრილში თბილსს დაემატება კიდევ ერთი ავტომატური სადგური; სადგური გაიხსნება კასპშიც; იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის მონიტორინგის ქსელს 5 ახალი სადგური დაემატება;
  • ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის დროულად, უწყვეტად და მარტივი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი: air.gov.ge;
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა და ახორციელებს ჰაერის დაცვის თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გეგმას;
  • გაუმჯობესდა უწყებათშორისი კომუნიკაცია, რომლის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური უწყებათშორისი კომისია.

რაც შეეხება რეკომენდაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექნის თაობაზე, მიმდინარე წელს, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყება აღნიშნულ სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს.

ერთობლივი ანგარიში, რომელიც არის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის აუდიტების კომპლექსური შეჯამება, ჩაატარა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ და 15 ქვეყნის − ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ნიდერლანდების − უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი