ახალი ამბებისამართალი

თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობით განაცდურ ხელფასს ითხოვს

14 მარტი, 2019 • 2601
თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობით განაცდურ ხელფასს ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. რადიო მარნეულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ დაგვიდასტურა.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, აღნიშული წინადადება ცნობის სახით საკრებულომ 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ზაურ ტაბატაძის თქმით, აღნიშნული ცნობა მარნეულის საკრებულოდან ჯერ მერიაში უნდა გაგზავნონ, რის შემდეგაც “შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ”. ასე რომ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, მიიღებს თუ არა თემურ აბაზოვი განაცდურ ხელფასს.

თემურ აბაზოვმა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მარნეულის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა.

თემურ აბაზოვის საქმე

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი