ახალი ამბები

რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს – ნაკაიძე სესიაშვილის კანონპროექტზე

13 მარტი, 2019 • 1696
რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს – ნაკაიძე სესიაშვილის კანონპროექტზე

ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებლის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, დისკრიმინაციულია ირაკლი სესიაშვილის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ. ნეტგაზეთთან საუბრისას ნაკაიძე ამბობს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში რომელიმე რელიგია უპირატესი არ უნდა იყოს.

“რომელიმე რელიგია სეკულარულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაშენებთ, უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს. დისკრიმინიციული მიდგომა იქნება, თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს ექნება უფლება, არ წავიდეს სავალდებულო სამხედრო სამასახურში, ხოლო დანარჩენები ჯარში გაიწვიონ. ყველამ ერთი და იგივე პირობებით უნდა ისარგებლოს. ეს თემა ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი და ამ საკითხზე რელიგიათა საბჭოში ვიმსჯელებთ და ერთობლივ განცხადებასაც გავავრცელებთ,”-აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მისივე თმით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის წარმოდგენილ კანონპროექტს, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სხვა რელიგიური კონფესიები, როგორც წესი, “არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით” ისარგებლებენ. მისი თქმითვე, მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

“დღევანდელი კანონმდებლობით აბსოლუტურად ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კონფესიის წარმომადგენელია, აქვს უფლება ისარგებლოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონით, რაც გულისხმობს, რომ რელიგიური აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურში. ასეთი პრაქტიკა არსებობს. შემიძლია გითხარათ, რომ რელიგიური კონფესიების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კანონს იყენებს და მსახურობს ალტერნატიულ შრომით სამსახურში. რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, მათი ეს უპირატესობა განმტკიცებულია კონკორდატით, მე ამას არ ვეხები და ვერც შევეხები, რადგან ეს არის საკონსტიტუციო შეთანხმება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ჩემი საკანონმდებლო ინიციატივით პრივილეგია არავის ენიჭება, ხოლო სხვა ნორმებს მე არ ვეხები,”-უთხრა ნეტგაზეთს ირაკლი სესიაშვილმა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებლი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათლად თქვა, რომ ისტორიული წარსული ან კონკორდატი ვერ იქნება რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციის უპირატესობის საფუძველი.

მისი თქმითვე, საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი მიზანი სავალდებულო გაწვევის სისტემის განმტკიცება იყო. როგორც სესიაშვილი ამბობს, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების საშუალებით, წვევამდელები რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით ჯარში არ მიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი