ახალი ამბები

თურქეთში ავტობუსის მძღოლი პოლიციაში დაიბარეს, რადგან იატაკზე დააფინა გაზეთი ერდოღანის ფოტოთი

13 მარტი, 2019 • 1538
თურქეთში ავტობუსის მძღოლი პოლიციაში დაიბარეს, რადგან იატაკზე დააფინა გაზეთი ერდოღანის ფოტოთი

თურქეთში მგზავრმა ავტობუსის მძღოლს ტრანსპორტის კიბეებზე იმ გაზეთის დაფენის გამო უჩივლა, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყო გამოსახული. მძღოლი პოლიციაში დაიბარეს. მომხდარის შესახებ გაზეთი Birgün წერს.

გამოცემის თანახმად, შემთხვევა დედაქალაქ ანკარადან ქალაქ ბურდურისაკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მგზავრმა კიბეებზე ასვლისას ძირს დაფენილი გაზეთი შენიშნა, რომელზეც პრეზიდენტის ფოტო იყო გამოსახული, რის გამოც მან მძღოლი პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და პოლიციას მიმართა.

Birgün-ის ცნობით, მძღოლი პოლიციის განყოფილებიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფა მისი განზრახვა არ ყოფილა.

თურქეთში ავტობუსების იატაკზე გაზეთის დაფენა გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ნალექიან ამინდში.

გაზეთ Ahval-ის თანახმად, “პრეზიდენტის შეურაცხყოფა” თურქეთში 1-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამავე გამოცემის ცნობით, 2010-დან 2017 წლამდე, ამ მუხლით გამოძიებამ 17 893 საქმე აღძრა. აქედან 12 305 საქმე უშუალოდ ერდოღანის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, 2014-17 წლებში აღიძრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი