ახალი ამბები

წვევამდელს, რომელიც სხვა ჯარისკაცებს ძალადობაში ადანაშაულებს, სხვა ბაზაზე გადაიყვანენ

13 მარტი, 2019 • 722
წვევამდელს, რომელიც სხვა ჯარისკაცებს ძალადობაში ადანაშაულებს, სხვა ბაზაზე გადაიყვანენ

19 წლის წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი, რომელმაც 11 მარტს განაცხადა, რომ მასზე იძალადეს და ფულის გამოძალვა სცადეს, საკუთარი განაცხადის საფუძველზე სხვა ბაზაზე გადავა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე გახრამანოვმა რუსთავი 2-ის ტელეეთერით მინისტრ ლევან იზორიას მიმართა და განაცხადა, რომ ის კრწანისის ბაზაზე ვეღარ დარჩებოდა, ვინაიდან ვერ გაუძლებდა სხვა ჯარისკაცების მხრიდან შესაძლო დაცინვას. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

გარდა ამისა, ტელეკომპანიასთან საუბარში წვევანდელის მამა ამბობს, რომ ოჯახს სამხედრო პოლიციიდან დილით დაურეკეს და განუხადეს: “თქვენი შვილი აქ კრწანისის სამხედრო ბაზაზე უკან მოიყვანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის ცუდი იქნება” [თარგმანი აღებულია რ2-ის სიუჟეტიდან]. ამ ინფორმაციას სამინისტროში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ოჯახს მხოლოდ იმიტომ დაურეკეს, რომ პროცედურის მიხედვით, დათხოვნაში მყოფი ჯარისკაცი რაღაც პერიოდის შემდეგ ბაზაში უნდა გამოცხადდეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ზემოხსენებული ინფორმაცია განუცხადეს ოჯახს და არ დამუქრებიან. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ დღეს ოჯახის წევრები და თავად ჯარისკაცი იყვნენ ბაზის ტერიტორიაზე და შეხვდნენ მეთაურს.

წვევმდელის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მასზე იძალადეს და ფულის გამოძალვა სცადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯარისკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი