ახალი ამბები

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები – გამოფენა დამფუძნებელი კრების წევრთა შესახებ

12 მარტი, 2019 • 2003
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები – გამოფენა დამფუძნებელი კრების წევრთა შესახებ

ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთაც 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩაატარეს? – მათ შესახებ არაერთ ცნობას თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, 2018 წლის 12 მარტს გახსნილ გამოფენაზე მიიღებთ. გამოფენაზე “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ სხვადასხვა არქივში მოძიებული არაერთი საინტერესო ფოტო, წიგნი და დოკუმენტია წარმოდგენილი.

გამოფენა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების შესახებ მოგვითხრობს – ადამიანებზე, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოს პირველი საფუძვლები შექმნეს. ლიტერატურის მუზეუმის დარბაზებში გამოფენილი ექსპონატები მათი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების წლებს ასახავს – მზადება დამოუკიდებლობისათვის, რესპუბლიკის 3 წელი და საბჭოთა რეპრესიები, რომელთა შედეგადაც დიდი ნაწილი ფიზიკურად განადგურდა.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი  “ნეტგაზეთთან” საუბრობს იმ ინსტიტუციის მნიშვნელობაზე, რომელმაც მუშაობა ზუსტად ერთი საუკუნის წინ დაიწყო და მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოასწრო. მათ შორის უმთავრესი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცებაა.

“…დამფუძნებელი კრება არის ძალზე საინტერესო იმ კუთხით, რომ ეს არის პირველი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო [საქართველოში], თანამედროვე სტანდარტების, არჩევნებისა და წარმომადგენლობითობის კუთხით. მისი ამოცანაც იყო საკვანძო: ამ რესპუბლიკის, თანმედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლის – კონსტიტუციის შემუშავება.

თვითონაც, თავის შემადგენლობით, ეს კრება იყო, გარკვეულწილად, პატარა მოდელი მაშინდელი საზოგადოებისა და ქვეყნისა. ის პროპორციულად ასახავდა, თუ რა პოლიტიკური იდეები იდგა დღის წესრიგში, რომელი პოლიტიკური მოძრაობა იყო უფრო გავლენიანი საზოგადოებაში… ეთნიკური მრავალფეროვნებისა და გენდერული ბალანსის კუთხითაც ის ერთ-ერთი სანიმუშოა მაშინდელი პერიოდის გათვალისწინებით”, – აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა 70 წლის მანძილზე, საბჭოთა რეჟიმის მიერ ისტორიის გაყალბებისა და წაშლის შემდეგ, საზოგადოებამ ამ ეპოქის შესახებ ბევრი არაფერი იცის.

“დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე ფუნდამენტური კვლევა და ინტერესი იზრდება, მაინც ბევრი არაფერი ვიცით ამ ეპოქის შესახებ. ძალიან გვიჭირს მაშინდელი რეალობისა და მისი სიმძიმის შეგრძნება. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წყვეტა, 70-წლიანი პერიოდი ტოტალური წმენდისა, დავიწყებისა, ისტორიის გაყალბებისა… ეს თაობა, რომელმაც პირველი რესპუბლიკა შექმნა, ფიზიკურად განადგურდა ისე, რომ ვერ მოახერხა ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა მომდევნო თაობებზე.

დღეს შეგვიძლია, ეს პოსტფაქტუმ გავაკეთოთ კვლევებზე დაყრდნობით, ინფორმაციის მოძიება-ანალიზისა და გავრცელების კუთხით. ეს გამოფენაც ერთ-ერთი პატარა კენჭია ამ მოზაიკაში, რამეთუ თავისი კონცეფციით ფოკუსირებულია დამფუძნებელი კრების დეპუტატებზე – როდიდან იწყება მათი პოლიტიკური აქტივობა, რა პერიოდები შეიძლება გამოვკვეთოთ და საბოლოოდ, როგორ განადგურდნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის მიერ”, – აცხადებს ის.

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პირველი რესპუბლიკის შესახებ ცოდნის სიმწირესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთთან” ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, დამფუძნებელი კრების შესახებ ინფორმაციის აღდგენა დღევანდელ საკანონმდებლო სივრცეში არსებულ ვითარებასთან შედარებითი ანალიზის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

“ცოდნა პირველი რესპუბლიკისა, კონკრეტულად კი, დამფუძნებელი კრების შესახებ, საქართველოში ძალიან მწირია. “სოვლაბისა” და ირაკლი ხვადაგიანის ფუნდამენტური წიგნი დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ არის წინ გადადგმული ნაბიჯი სწორედ სოვლაბთან ერთად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ.

…გამოფენაზე არის მოშე დავარაშვილის სურათიც, რომელიც იყო ბოლო წევრი დამფუძნებელი კრებისა. ის 1980 წელს გარდაიცვალა.  საქართველოს დამოუკიდებლობას დამფუძნებელი კრების არცერთი წევრი არ მოსწრებია. ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ამბავი, რადგან ჩვენ ამასთან დაკავშირებით ცოცხალი მეხსიერება არ გაქვს.

ამის გახსენება, აღდგენა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავინახოთ, რამდენად წინ იყო იმდროინდელი ქართული პარლამენტი დღევანდელ ჩვენს პარლამენტთან შედარებითაც კი, როგორი საქმიანი დისკუსიები მიდიოდა და როგორი ღრმა პროფესიონალიზმი იყო ამა თუ იმ საკითხზე დისკუსიების დროს, რასაც ვისურვებდი, რომ თანამედროვე პარლამენტშიც ყოფილიყო. ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ პერიოდიდან და მეტ-ნაკლებად, ის მაინც მივიწყებულია დამოუკიდებელ საქართველოშიც. ვცდილობთ, ასეთი გამოფენებით, წიგნებითა და სხვა აქტივობებით უფრო მეტი ცოდნა და დაინტერესება გაჩნდეს საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარე გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი