ახალი ამბებიხელოვნება

სოფელ “ახალხიზას” ისტორიული სახელი “ბეთლემი” დაუბრუნდა

12 მარტი, 2019 • 3505
სოფელ “ახალხიზას” ისტორიული სახელი “ბეთლემი” დაუბრუნდა

11 მარტს გორის მუნიციპალიტეტში ბოლშევიკების მიერ სახელდებულ სოფელ “ახალხიზას” დაუბრუნდა ისტორიული სახელი “ბეთლემი”, რომელიც მას უწოდა სოფლის დამაარსებელმა, პუბლიცისტმა, ჟურნალ “ჯვარი ვაზისას” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, მესხური განმანათლებლობის წარმომადგენელმა, კათოლიკე პატრმა – დომინიკე მუგასაშვილმა.

დომინიკე მუგასაშვილის საგანმანათლებო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა ქართველი სტუდენტების ევროპაში გაგზავნა და იქ განათლების მიღება. კათოლიკე პატრის შვილიშვილი, თამთა მუგასაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი მისი დიდი ბაბუის ბუნდოვანი და ძალადობრივი სიკვდილისა, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ.

“ამ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იდეის ავტორი, ინიციატორი, თითოელი სიტყვის/საქმის წამომწყები და ბოლომდე მიმყვანი არის ჩემი ოჯახი, მამაჩემი – კობა მუგასაშვილი და მე. ჩვენ კიდევ ბევრ საქმეს დავიწყებთ და მივიყვანთ ბოლომდე. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სიტყვით, საქმით და კეთილი სურვილებით დაგვეხმარა”, – ამბობს თამთა.

თამთა მუგასაშვილი ასევე აანონსებს, რომ მალე სოფელ ბეთლემში პატრი დომინიკეს სახლ-მუზეუმიც მოეწყობა: “კათოლიკე მრევლს – პატრი დომინიკეს სიყვარულით და ერთგულებით გამორჩეულს, მისი ღვაწლის ნამდვილ დამფასებელს, განსაკუთრებით ვულოცავ”.

სახელოვანი ბაბუის შთამომავალი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ილია, დომინიკე და მიხეილ თამარაშვილi ერთ 5-წლეულში დახოცეს ძალადობრივი და ბუნდოვანი სიკვდილით. ისტორიული წყაროებით, რომ არა კათოლიკე პატრის სიკვდილი, იგი კონსტანტინოპოლის ქართველ-კათოლიკეთა მონასტრის ხელმძღვანელად ინიშნებოდა.

 

ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”, რომელიც პატრი დომინიკმა დააფუძნა და რედაქტორობდა

პატრი დომინიკეს დაზიანებული საფლავის ქვა, რომელიც, მისი შთამომავლების თქმით, კომუნისტებმა დააზიანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი