“მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო – საქართველოში კრიმინოგენული ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და შს მინისტრი, მთლიანად სამინისტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და მართლაც, მე მინდა აღვნიშნო, რომ ფასდაუდებელია მათი შრომა.
მიუხედავად ამისა, ის რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასურველი და სასიამოვნო. მინდა, მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, მაგრამ ყველა ცივილიზებულ და ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული. მე არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ ან ვიცავთ და, მით უმეტეს, ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა, წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს ეფექტურად. პირიქით, ვინაიდან ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ გაუარესებულია კრიმინოგენული ვითარება, სწორედ ამ მიზნით მე ჩავთვალე საჭირო, რომ მეთქვა, აი, ეს ორიოდე სიტყვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მთავრობა უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს კრიმინალის წინააღმდეგ:
“იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გამოვუშვით ჩვენი გადაწყვეტილებით 17 ათასი პატიმარი, ამნისტირებული პირი, ადამიანები, რომელთა ბედი იყო აბსოლუტურად გაურკვეველი, იყო დიდი ალბათობა, რომ მათი ნაწილი ვერ გამოსულიყო ციხიდან ცოცხალი. ისინი იყვნენ მსხვერპლნი არაადამიანური მოპყრობის, წამების, გაუპატიურების, ამიტომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, გამოვუშვით, მივიღეთ ასეთი ჰუმანური აქტი და გამოვუშვით ციხეებიდან და მათ მივეცით შანსი, რომ ხელახლა მოხდეს მათი რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ბევრმა მათგანმა ეს დააფასა, ხოლო ვინც ვერ დააფასა, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ გუშინ გაეცნო შსს-ს მიერ შემუშავებულ გეგმას კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ.
“მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენ შესაძლოა გავამკაცროთ მაქსიმალურად იარაღის ტარებასთან დაკავშირებული კანონი. გახსოვთ ალბათ, რომ გასულ წელს ჩემი ინიციატივით, როცა ვიყავი მინისტრი, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით და მე მინდა დაგავალოთ – ბატონ ჭიკაიძეს და ასევე ქალბატონ წულუკიანს, რომ სასწრაფოდ შეიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გაამკაცროთ იარაღი ტარებასთან დაკავშირებული ყველა ის მუხლი, რომელიც ამ წესებს არეგულირებს.
მე გავეცანი კომპლექსური ღონისძიებების გეგმას, რომელიც შეიმუშავა პირადად ბატონმა მინისტრმა და მისმა უწყებამ და ჩემი დავალებით ისინი მაქსიმალურად გაამკაცრებენ ბრძოლას იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ევროპის ქვეყნების მსგავსად მოქმედებს, როდესაც კრიმინალთან ბრძოლა ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები.
