ახალი ამბები

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

12 მარტი, 2019 • 2107
ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით საკუთარ სახლში, მარნეულში დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტს “ნეტგაზეთს” შსს-ში უდასტურებენ. უწყების თანახმად, სამართალდამცავებმა პირი 5 მარტს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახში დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა “რეკორდერმა” გაავრცელა. მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. მისი დაპატიმრება კი, “რეკორდერის” თანახმად, კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის ცოლმა პოლიციას წარუდგინა.

თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრია, რომელიც სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ევროპის თასის მფლობელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი