გვჯერა, რომ უზენაესი სასამართლო წინა გადაწყვეტილებებს ძალაში დატოვებს – ლისი დეველოპმენტი

“ლისი დეველოპმენტში” დარწმუნებულნი არიან, რომ უზენაესი სასამართლო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დავასთან დაკავშირებით წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

ნეტგაზეთს კომპანიაში განუმარტეს, რომ სასამართლოზე “ლისი დეველოპმენტი” მოპასუხე მხარე არ არის და სამართლებრივ დავაში მესამე პირის სტატუსით არის წარმოდგენილი.

“დავა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში. არ ვართ აღნიშნული სამართლებრივი დავის უშუალო მონაწილე. ამ საქმეში მოპასუხეები არიან საქართველოს პრეზიდენტი და ქალაქ თბილისის მერია, ამ საქმეში ჩართულები ვართ მესამე პირის სტატუსით. დავის სამართლებრივი ასპექტებიდან გამომდინარე გვჯერა, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის შედეგი არ იქნება წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებული,” – აცხადებენ “ლისი დეველოპმენტში”.

ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მტკიცებით, 2006 წელს იძულებული გახდა, მის საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი დაეთმო. მისი თქმითვე, ქონება ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზეწოლის [სისხლის სამართლის საქმით აშინებდნენ] შედეგად დათმო. როგორც ის ამბობს, სისხლის სამათლის საქმეზე დაწყებული გამოძიება წილის დათმობის შემდეგ, 2007 წელს შეწყდა.

“რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა”, – ამბობს ახვლედიანის ადვოკატი.

რამაზ ახვლედიანის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებმა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ აიღეს და საქმე უზენაეს სასამართლოში გადაამისამართეს. ადვოკატი ასევე ირწმუნება, რომ საქმის ერთ-ერთი სუსტი მხარე ხანდაზმულობა არის, რაზეც სასამართლო ინსტანციებმა მიუთითეს, და უზენაესმა სასამართლომ ეს უნდა შეაფასოს. მისივე თქმით, ხანდაზმულობასთან ერთად საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები საკუთარ გადაწყვეტილებებში ასევე მიუთითებდნენ მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.

როგორც კაიკაციშვილის ამბობს, სამართლებრივად უსაფუძვლო მოთხოვნა ნიშნავს, რომ შენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ამტკიცებს, რატომ უნდა გაუქმდეს ქონების დათმობის აქტი და რატომ უნდა დაგიბრუნდეს ეს ქონება. ადვოკატის მტიცებით, მათ მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება სასამართლოს არ გამოუკვლევია.

“ამ აქტის გასაჩივრებისთვის რამაზ ახვლედიანს უნდა გამოეყენებინა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. აქ მნიშვნელოვანი საკითხია, ბატონ ახვლედიანს, როგორც პოტენციურ მოსარჩლეს, როდის ჩაბარდა ეს აქტი. ეს აქტი მას 2015 წელს ჩაბარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში გავასაჩივრეთ, თუმცა ქვედა ინსტანციები ათვლას 2006 წლიდან იწყებენ,”-აცხადებს კაიკაციშვილი.

რამახ ახვლედიანმა 2012 წლის დეკემბერში მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა ლისის ტბის საქმეზე გამოძიების წარმოება და დაზარალებულად ცნობა. 2015 წელს მან ასევე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,  თბილისის მერიისა და „ლისი დეველოპმენტის“ მიმართ და მოითხოვა ქონების დათმობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება.

სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, რამაზ ახვლედიანს არ დაუკმაყოფილდა სარჩელი. უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის დეკემბერში საქმე წარმოებაში მიიღო. ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სასამართლო საქმის მიხედვით სააქციო საზოგადოების, ლისი ლეიქ დეველოპმენტის სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას და “ორკესტირერებულ შეტევაზე” საუბრისას მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ლისის ტბის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.