კონსოლიდირებული ტენდერი, რომელშიც მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობდა, შეწყდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მისაღებად გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, შ.პ.ს ვიონმა (ბრენდული სახელი “ბილაინი”) მიიღო.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ მასში რამდენიმე კომპანიას უნდა მიეღო მონაწილეობა. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული შესაძლებლობას აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციებს, ჩაერთონ იმ მობილური ოპერატორის ქსელში, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას.

“ტენდერში ერთი მონაწილე მობილური ოპერატორის არსებობა შეიცავს რისკს იმის თაობაზე, რომ მისი მცირე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებს შეექმნათ მასობრივი პრობლემა სატელეფონო კავშირის შენარჩუნების კუთხით, რაც თავისთავად, შეუქმნის საფრთხეს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას,”-წერია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

გამოცხადებული ტენდერით, სააგენტოს უნდა ეყიდა სატელეფონო მომსახურება სახელმწიფო  სტრუქტურებში დასაქმებული 260 000 აბონენტისთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ტენდერში მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობს. 2018-19 წლების მომსახურების შესყიდვის ტენდერში თავდაპირველად მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ “ბილაინი” სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებისთვის პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, ტენდერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ტენდერში მონაწილეობა 3-მა კომპანიამ მიიღო- მაგთიმ, ჯეოსელმა და ბილაინმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.