ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძემ კიევს უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენება შესთავაზა

2 სექტემბერი, 2014 • • 954
მაია ფანჯიკიძემ კიევს უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენება შესთავაზა

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში არსებულ ვითარება მიმოიხილეს.


“საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო. მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში კრიზისის აღმოფხვრისკენ არის მიმართული, ამასთან საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლას ითვალისწინებს. როგორც მაია ფანჯიკიძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივის და ზოგადად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გამო”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ მხარეებს შორის ვიზიტების შემდგომ გაცვლაზე და აღნიშნეს, რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის ასევე გამოყენებული იქნება ყველა მნიშვნელოვან ფორუმი. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ასეთი შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, უელსის სამიტის ფარგლებში გაიმართება.



მასალების გადაბეჭდვის წესი