ახალი ამბები

მორიგი შეუთანხმებლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის – ორი დელეგაცია გაეროში?

1 სექტემბერი, 2014 • • 1146
მორიგი შეუთანხმებლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის – ორი დელეგაცია გაეროში?

მთავრობა თვლის, რომ სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.

 

“კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრეზიდენტს ჰქონდა სახელობითი მოწვევა, ასეთი სახელობითი მოწვევები ხანდახან იგზავნება ისე, რომ ჯერ არ არის ცნობილი, ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ შევეცადეთ, რომ ბატონი თენგიზისთვის [ფხალაძე] და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განგვემარტა, თუ რა არგუმენტები გვქონდა იმისათვის, რომ არ მიგვეჩნია მიზანშეწონილად ორი დელეგაციის გამგზავრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით არ არის მართებული ვიზიტის მომზადება, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, როგორც უწყებას, მაგრამ ზოგადად ქვეყანასაც. მე, სამწუხაროდ, არ მქონია იმის საშუალება, რომ პირადად პრეზიდენტთან მესაუბრა ამის თაობაზე, შესაბამისად, მე არ ვიცი მისი პოზიცია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში ჩადის:

“საქართველოს პრეზიდენტმა დასტური გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩადის გაეროში და ექნება ეს გამოსვლა. სხვა თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ ვიცი, რადგან ამჟამად პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მუშაობს ნატოს უელსის სამიტზე”, – აცხადებს ფხალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი