არასრულწლოვანი პოლიციას ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

შსს-ს ინფორმაციით, 13 თებერვალს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს.

გამოძიებით ცნობით, არასრულწლოვანმა თ.ა-მ 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად.

არასრულწლოვანი ბრალდებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

“მაგინეს, მანქანაში ჩამსვევს და იქაც მცემეს. მერე ჩამიყვანეს პოლიციაში, ოღონდ უკნიდან შემიყვანეს. იქ რომ შემიყვანეს, ეგრევე მცემეს. თავში მირტყეს, ქამარი გადამარტყეს, მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო. ხელი მომტყდა და მერე ხელმოტეხილს კიდევ მირტყამდნენ. გაუპატიურების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ. 5 საათი ვიყავი ხელმოტეხილი, ვეუბნებოდი, ექიმი მოიყვანე-მეთქი, მაგრამ არ მოჰყავდათ”, – განუცხადა დაზარალებულმა “კურიერს”.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება არასრულწლოვნის და მისი ოჯახის ოჯახის განცხადებას სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში  შესწავლა მიმდინარეობს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.