ახალი ამბები

მკვლელობის ვიდეოს ფეისბუკსა და მესინჯერში გაზიარებისთვის დანიაში 14 პირს ასამართლებენ

8 მარტი, 2019 • 1749
მკვლელობის ვიდეოს ფეისბუკსა და მესინჯერში გაზიარებისთვის დანიაში 14 პირს ასამართლებენ

მკვლელობის ამსახველი ვიდეოს ფეისბუკზე გაზიარებისთვის დანიის პოლიციამ 14 ადამიანი პასუხისგებაში მისცა. ვიდეოზე ასახული იყო ორი ახალგაზრდა ქალის, ლუიზა ჯესპერსენისა და მარენ უელანდის მკვლელობის კადრები. მათგან ერთი დანიელი იყო, მეორე – ნორვეგიელი.

CNN დანიურ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოქალაქეები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ვიდეო გაავრცელეს ფეისუკზე, ფეისბუკის მესინჯერში ან სხვა სოციალურ ქსელში. ვიდეო 2018 წლის 17 დეკემბრის მკვლელობას ასახავს. კადრებში ჩანს, თუ როგორ კლავენ ერთ-ერთ ქალს, რომელიც შემდგომ ქალაქ იმილის მახლობლად თავმოკვეთილი იპოვეს.

დანიურმა პოლიციამ დანაშაული ტერორისტულ აქტად შეაფასა. რაც შეეხება ვიდეოების გავრცელებას, 12 ადამიანს ბრალად ედება ვიდეოს დამამძიმებელ გარემოებში გავრცელება, ხოლო 2-ს – ტერორისტული აქტის შესახებ სიხარულისა თუ მხარდაჭერის გამოხატვა.

12 ადამიანს ბრალი ასევე წაუყენეს ვიდეოს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში უკანონო გავრცელებისთვის.

როგორც დანიის მთავარი პროკურორის მოადგილემ ჯეიკობ ბერგერ ნილსენმა CNN-ს უთხრა, დანიის სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლები, როგორც წესი, გამოიყენება ისეთი ვიდეოებისა და ფოტოების გავრცელებისას, რომლის გასაჯაროებაც ადამიანებს არ სურთ. მაგალითად, როგორიცაა შურისძიების მიზნით კონკრეტული პირის პორნოს გავრცელება. ამ კანონის მიზანი არის ადამიანთა დაცვა, რათა ადამიანთა ფოტოები და ვიდეოები მათი ნებართვის გარეშე არ გავრცელდეს ონლაინ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კანონი ტერორიზმთან დაკავშირებული მასალის გავრცელებისთვის ამოქმედდა.

“მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ამ ტიპის ვიდეოებისა და ფოტოების გავრცელება დანიაში არალეგალურია და ისჯება 3 წლამდე პატიმრობით”, – უთხრა CNN-ს ბერგერ ნილსენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი