ახალი ამბები

თუ სავალდებულოობის ნაწილი მოიხსნა, რეფორმა ჩაიშლება – საპენსიო სააგენტოს დირექტორი

7 მარტი, 2019 • 1519
თუ სავალდებულოობის ნაწილი მოიხსნა, რეფორმა ჩაიშლება – საპენსიო სააგენტოს დირექტორი

“ბელგია, კანადა, ავსტრია, ჩილე, უნგრეთი… ამ ქვეყნებში საპენსიო შენატანი სავალდებულოა, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის,” – უთხრა მოსამართლეებს ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. მან დღეს, 7 მარტს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე საპენსიო შენატანის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვენ. ერთ-ერთი ნორმა კი, საპენსიო შენატანის სავალდებულოობას ეხება.

“თუ შეჩერდება, ეს დააზიანებს მთლიანად პროცესს… ჩაშლის სერიოზული საფრთხე შეიქმნება, ვეღარ იქნება მიღწეული ის მნიშვნელოვანი მიზნები, რაც უნდა დადგეს,” – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს  ხელმძღვანელმა და იქვე დააზუსტა, რომ შესაძლოა ეს “სტაბილური და უზრუნველყოფილ ცხოვრების” მიზანს შეეხოს, ასევე “მასშტაბურ საინვესტიციო კაპიტალს”.

საპენსიო სააგენტოს უფროსს მოსამართლე მანანა კობახიძემ შეახსენა, რომ გასაჩივრებულია არა მთლიანად საპენსიო რეფორმა, არამედ კონკრეტული მუხლები.

“მაინც ფიქრობთ, რომ სავალალო იქნება შედეგი?” – იკითხა მოსამართლემ.

“კი. თუ სავალდებულოობის ნაწილი მოიხსნა, რეფორმა ჩაიშლება… ჩვენ ფულის დაგროვების კულტურა ნაკლებად გვაქვს. ჩვენ, ძირითადად, მომავლიდან ვსესხულობთ ფულს…”- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ლევან სურგულაძეს მოსამართლეებმა ასევე ჰკითხეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო საპენსიო შენატანის სავალდებულო წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

“სტატუს კვოს აღდგენას არაფერი უდგას წინ… ყველას შეგვიძლია დავუბრუნოთ თანხა,” – თქვა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი