“სახელმწიფოს მიტაცების კამპანია” — უდუმაშვილის შეფასება თიბისის საქმეზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ნდობას უცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებლის გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას; უდუმაშვილი ამბობს, “ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი” თავისუფალი მედიაც არის და საჭიროა ტვ პირველის დაცვა.

“შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა 6 მარტს საგანგებო ბრიფინგზე.

პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გუშინ გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”.

უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ენმ “აბსოლუტურ ნდობას უცხადებს მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლებისა და ამ პროკურატურის პირობებში მოხდება ამ საქმის გამოძიება”.

“დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ყველას მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან”, – თქვა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, “გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები”. ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, “არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში”. თუმცა უდუმაშვილს მაშინვე არ დაუკონკრეტებია, რა მტკიცებულებებსა და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობდა.

“გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად, ტვ პირველი, და ივანიშვილს სურს, მთლიანად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი არტარეა…  საჭიროა საზოგადოების ერთიანობით დავიცვათ ტვ პირველი, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას”, – განაცხადა მან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com