ახალი ამბები

კიბერდანაშაულები – ქართველი პროკურორი გამოწვევებზე და ევროკავშირის დახმარებაზე

6 მარტი, 2019 • 4231
კიბერდანაშაულები – ქართველი პროკურორი გამოწვევებზე და ევროკავშირის დახმარებაზე

კიბერშანტაჟი, ინტერნეტ-თაღლითობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან პირად საბანკო ანგარიშებში შეღწევა და ქურდობა – ეს იმ საქმეების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც მარიამ გოგორელიანი, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველი პროკურორი, 2015 წლიდან მუშაობს.

“კიბერდანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია,”- ამბობს პროკურორი. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიაჩნია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი Cybercrime@EaP, რომელიც ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტია და მიზნად ისახავს კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულების საფრთხეების, გამოწვევებისა და სტრატეგიების კვლევას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

“ეს თანამშრომლობა საქმის გამოძიებისთვის ზოგჯერ ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იყო”, – ამბობს გოგორელიანი.

საქართველო ევროპის საბჭოს კონვენციას  “კიბერდანაშაულის შესახებ” [ბუდაპეშტის კონვენცია] 2012 წელს შეუერთდა. კონვენცია სხვა საკითხების გარდა ელექტრონული მტკიცებულებების სფეროში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს . პროკურორი ამბობს, რომ პროექტ Cybercrime@EaP-ში  მონაწილეობა მას სწორედ კონვენციით გათვალისწინებული დახმარების უფრო ადვილად მიღებაში დაეხმარა:

“ როდესაც სისხლის სამართლებრივ საქმეში გვჭირდება გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება და მათი მოპოვება აუცილებელია საზღვარგარეთ, ამისთვის ვიყენებთ კიბერდანაშაულის კონვენციით გათვალისწინებულ არხებს, როგორცაა, მაგალითად, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შუამდგომლობის გაგზავნა მითითებულ ქვეყნებში, აგრეთვე, 24/7 სამუშაო ჯგუფი, რაც არის police to police cooperation, ანუ საპოლიციო ურთიერთთანამშრომლობა პროექტის მონაწილე ქვეყნებთან. ჩვენ ხშირად ვაგზავნით შუამდგომლობებს სამართლებრივ დახმარებაზე, აგრეთვე მიღებულ შუამდგომლობებს ვასრულებთ შესაძლებლობების ფარგლებში.

პირადად მე ამ პროექტით გავიგე, თუ რა კონკრეტული მოთხოვნები და შეზღუდვები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას დაწესებული და, შესაბამისად, სწორედ ამ სტანდარტებს ვარგებ სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობას,” – ამბობს მარიამ გოგორელიანი.

მარიამ გოგორელიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

ამას გარდა, გოგორელიანის თქმით, პროექტმა მას სხვადასხვა ქვეყანაში კოლეგების გაცნობის შესაძლებლობა მისცა, რაც, მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოძიებისას საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღებად.

მართალია, ნეტგაზეთი პროკურორს ძირითადად პროექტ Cybercrime@EaP-თან დაკავშირებით შეხვდა, თუმცა ასევე დაუსვა კითხვები საქართველოსთვის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემაზე – პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამოძიებაზე. 2019 წელს ინტერნეტში გავრცელდა ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვინ გაავრცელა ის თავდაპირველად, რაც საზოგადოებას კითხვებს უჩენს გამოძიების მიმართაც.

“ამ საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები პირველწყაროს დადგენის მიზნით.

დაბრკოლებებს რაც შეეხება, ეს არის სტანდარტული დაბრკოლებები, რაც ნებისმიერი კიბერდანაშაულის შემთხვევაშია. ატვირთული შეიძლება იყოს  საზღვარგარეთიდან, საჯარო ინტერნეტით, ან ისეთ ვებგვერდზე, რომელიც არ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და არ მოგვაწოდოს ინფორმაცია და ა.შ. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თან ხელის შემშლელია, რა თქმა უნდა, ის ფაქტორი, რომ იმდენად სწრაფად ვრცელდება, რთულია პირველწყარომდე მისვლა”, – ამბობს პროკურორი.

თუმცა, პროკურორის თქმით, არის შემთხვევები, როცა კიბერშანტაჟის შემთხვევების გამოძიება ადვილია, რადგან დამნაშავეები ბევრ კვალს ტოვებენ:

“მაგალითად, მე მქონდა ქეისი , როდესაც საზღვარგარეთ მყოფ ქალბატონს საქართველოში მყოფ კაცთან ჰქონდა კომუნიკაცია და ისინი ერთმანეთში ინტიმურ ფოტოებსა და მიმოწერებს ცვლიდნენ. საბოლოოდ, კაცი ეცადა ფულის გამოძალვისთვის გამოეყენებინა ეს მიმოწერა.

ჩვენ მოგვმართა ქალბატონის შვილმა და ამის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავადგინეთ ფეიბუქის მეშვეობით, ვინ იყო ეს კაცი. დავაკავეთ და განაჩენი დადგა ამ პიროვნების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დავავალეთ, რომ ყველაფერი წაშლილიყო, რაც ამ საუბარს ასახავდა, იქნებოდა ეს სურათები თუ სხვა სახის მონაცემები მისი კომპიუტერული სისტემებიდან, რადგან აღარ ყოფილიყო ამ ფოტოების იმავე მიზნით გამოყენების საშიშროება.  ამ კონკრეტულ ქეისში საქმე იმან გაგვიმარტივა, რომ კაცს ფეისბუკზე საკუთარი სახელი და გვარი და თავისი სურათები ედო. თუმცა, შესაძებელია, რომ იდენტიფიცირება ფეისბუკის პროფილით ვერ მოახდინო.

ამის შემდეგ ფეისბუკის ლინკის მიხედვით მივმართავთ ფეისბუკს, რომელიც გვიდგენს დემოგრაფიულ მონაცემებს, ვთქვათ, ვინ არის ეს პირი, რა აიპი მისამართიდან მოხდა ფეისბუკში შესვლა, რა ტელეფონის ნომერი აქვს (თუ ეს ტელეფონის ნომერი მითითებული აქვს ფეისბუკზე), ამის შემდეგ მივმართავთ  პროვაიდერებს, მობილურ ოპრეტარებს და ინტერნეტ-პროვაიდერებს, ვთქვათ, ეს ტელეფონის ნომერი ან აიპი მისამართი ვისზეა განპიროვნებული”, – ყვება პროკურორი.

მისი თქმით, კიბერდანაშაულის გამოძიებისას საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისიცაა, რომ კომუნიკაციის ოპერატორებს საქართველოს კანონმდებლობა მონაცემების შენახვას არ ავალდებულებს და ამჟამად “ზეპირი შეთანხმებით” მუშაობენ მათთან.

მარიამ გოგორელიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი


სტატია გამოქვეყნდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი