ნეტგაზეთი | ერდოღანი ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისთვის მიიწვიეს ერდოღანი ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისთვის მიიწვიეს – Netgazeti
RU | GE  

ერდოღანი ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისთვის მიიწვიეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა თურქეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური წერილი გადასცა, რომლითაც ერდოღანი 2015 წლის 24 აპრილს ერევანში მიიწვია. ამ დღეს ეთნიკური სომხები მთელ მსოფლიოში ოსმანურ თურქეთში სომხეთა გენოციდის 100 წლისთავს აღნიშნავენ.

შეგახსენებთ, ერდოღანის ინაუგურაციას სომხეთის დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი მეთაურობდა. თუმცა ერდორანმა ინაუგურაციაზე ანკარაში სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი მიიწვია. 

 

ოფიციალური მიწვევის წერილი ედვარდ ნალბანდიანმა თურქეთის პრეზიდენტს ხანმოკლე შეხვედრის დროს გადასცა.


სომხეთში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერის დაპატიჟების სურვილი სერჟ სარგსიანმა მიმდიანრე წლის მაისში გამოთქვა. მისი თქმით, “თუ თურქეთის ხელმძღვანელობას ჭეშმარიტება აინტერესებს, ის სომხეთში 24 აპრილს სომეხ ხალხთან ერთად უნდა იდგეს.”

 

შეგახსენებთ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქვეყნებს შორის საზღვარი 1993 წლიდან თურქეთის მიერ ჩაიკეტა. 

 

ხუთი წლის წინ სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს პროტოკოლებს “დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა” და “ორმხრივი ურთიერთობების განვითარების” შესახებ, რომელთაც ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. თუმცა, 2010 წლის 22 აპრილს სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას სომხეთ-თურქეთის პროტოკოლების რატიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ და განაცხადა, რომ თურქეთი “მზად არ არის დაწყებული პროცესი გააგრძელოს.” 

 

პროტოკოლების საკითხი დღემდე გაყინულია. სომხეთში მიიჩნევენ, რომ არ არის გამორიცხული, ერევანში ერდოღანის ვიზიტი გახდეს პირველი ნაბიჯი ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების დასათბობად. 


ედვარდ ნალბანდიანი; რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ედვარდ ნალბანდიანი; რეჯეპ ტაიპ ერდოღანი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის