ახალი ამბები

2018 წელს საჯარო უწყებაში სულ 197 ადამიანი დასაქმდა, აქედან 130 კუნკურსის გარეშე – საია

6 მარტი, 2019 • 1111
2018 წელს საჯარო უწყებაში სულ 197 ადამიანი დასაქმდა, აქედან 130 კუნკურსის გარეშე – საია

2018 წელს სამინისტროებმა სულ  197 ადამიანი მიიღეს სამსახურში, აქედან 130 პირი საჯარო უწყებაში კონკურსის გარეშე დასაქმდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადა კვლევა, რომელიც ეხება საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ორგანიზაციის შეფასებით, კონკურსის გარეშე დასაქმებულ ადამიანთა ასეთი რაოდენობა მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმის რისკებს საჯარო დაწესებულებაში.

“სამინისტროებმა შრომითი ხელშეკრულებით პირების უკონკურსოდ მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, როდესაც საჯარო დაწესებულების ფუნქციონირებას გამარტივებული კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ვადების გამოყენების გამო შეიძლება მნიშვნელოვნად შეეშალოს ხელი,” – აცხადებენ საიაში.

საიას ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში სამინისტროების ნაწილში ჩატარდა მასშტაბური (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) ან მცირე ხასიათის რეორგანიზაციები, რის საფუძველზეც სულ 89 ადამიანი განთავისუფლდა. რეორგანიზაციის პროცესში სამინისტროებმა მობილობით გადაიყვანეს 42 საჯარო მოხელე.

კანონმდებლობის თანახმად, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელე, თუ საჯარო დაწესებულებამ ვერ უზრუნველყო მისი მობილობა, იღებს 3-თვიან კომპენსაციას. თუ საჯარო მოხელე უარს ამბობს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, მაშინ ერთთვიან კომპენსაციას იღებს. კვლევის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძველზე  გათავისუფლებულ 89 ადამიანზე კომპენსაციის სახით სულ 354 200 ლარი გაიცა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ. საჯარო მოხელეების შეფასების სისტემა 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

სამინისტროების მიერ საიასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში შეფასდა 984 საჯარო მოხელე, რომელთაგან 243 მოხელე არის ხელმძღვანელ პოზიციაზე. მთავრობის დადგენილება არ განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სისტემაში შეფასების ერთიან მეთოდოლოგიასა და მეთოდის განსაზღვრის უფლებამოსილებას, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს.

საიას მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო შეფასება მიიღო – 427 (44%), კარგი – 546 (55%),  ხოლო დამაკმაყოფილებელი  – 11 (1%) საჯარო მოხელემ. ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 243 საჯარო მოხელიდან საუკეთესო შეფასება მიიღო  – 130 (53%)-მა, კარგი -112-მა (46%), ხოლო დამაკმაყოფილებელი – 1 (0.4%) საჯარო მოხელემ.

კვლევის ფარგლებში საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგებზე, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების გარდა, ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დანარჩენი სამინისტროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს შეფასების შედეგების საფუძველზე, საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული ფულადი ჯილდოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 1 831 281 ლარი.

“იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებული საჯარო მოხელეების 99%-მა დადებითი შეფასება მიიღო, საჯარო დაწესებულებამ ყველა მათგანს მისცა ფულადი ჯილდო, რაც წახალისების მექანიზმის არსებობას აზრს უკარგავს,”-აცხადებენ საია-ში.

კვლევა მოიცავს ერთწლიან პერიოდის, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კვლევა მოიცავს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიღებულ ინფორმაციას. საია-ს ინფორმაციით, იუსტიციისა და ფინანსთა  სამინისტროებმა ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი