ახალი ამბები

ღარიბაშვილმა “ნაცმოძრაობასთან” ბრძოლა “ქართული ოცნებიდან” უნდა დაიწყოს – ბესელია

6 მარტი, 2019 • 848
ღარიბაშვილმა “ნაცმოძრაობასთან” ბრძოლა “ქართული ოცნებიდან” უნდა დაიწყოს – ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია პასუხობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან “ქართული ოცნებიდან” გასვლით მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.

“მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ვარ, როცა გადაწყვეტილებებს ვიღებ და ვამბობ იმას, რაც მწამს და მჯერა, მაგრამ ნამდვილად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი თავად იყო თავისუფალი. დამრჩა განცდა, რომ ის იმ გზავნილებს ახმოვანებდა, რაც უნდა გაეხმოვანებინა. მისი განცხადებები ძალიან წინააღმდეგობრივი იყო. მინდა მას ვუთხრა, რომ “ნაცონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა მან უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” პარტიიდან, სადაც საკმაოდ დიდი დოზით არიან “ნაციონალური მოძრაობის” სულიერი მხარდამჭერები, ჯერ კიდევ ნოსტალგიაში მყოფი ადამიანები, ზონდერებიც და ის ადამიანები, ვისთანაც ვერაფრით მოვახერხებდით თანაცხოვრებას”, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მოსამართლეები წარსული ძალადობრივი სისტემის პირდაპირი გაგრძელებაა.

“ლოგიკა წყდება იქ, როდესაც ამბობ, რომ მე ვემიჯნები წარსულს და ძალადობრივ სისტემას, მაგრამ თუ დღეს ისინი ჩემთან არიან, ვპატიობ ყველაფერს, რასაც წარსულში სჩადიოდნენ. პერსონალურ ინდულგენციებს ვერავინ გასცემს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, აბსოლუტურად მცდარია და გაერთიანების კი არა, დაყოფას ემსახურება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხმას წყალს.

“იძახო, იმ ადამიანებს, ვინც შენს პოლიტიკაში მოსვლამდე ებრძოდა ძალადობრივ რეჟიმს, რომ მათ წისქვილზე ასხამ წყალს, იგივეა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს უთხრა, რომ შენ ხარ იმ ძალადობრივი რეჟიმის მხარდამჭერი”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ასევე სვამს კითხვას, რატომ წავიდა თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკადან.

“ხომ ამბობს, რომ თავისით წავიდა… რატომ წავიდა?”, – აღნიშნა ბესელიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას აქვს განცდა, რომ ეკა ბესელია “მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მან ბესელიას და სხვების წასვლას “ქართული ოცნებიდან” სამწუხარო მოვლენა, თუმცა არა ტრაგედია უწოდა.

“ეკას ქმედება აუხსნელია”, – თქვა ღარიბაშვილმა. “ეს პირადული კონფლიქტი იყო, მე ასე გავიგე”, – დასძინა ექსპრემიერმა.

ბესელიამ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი, ასე გამოვიდა- ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი