ახალი ამბები

ხაზარაძის განცხადება ამყარებს ეჭვებს სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებზე – NGO-ები

5 მარტი, 2019 • 959
ხაზარაძის განცხადება ამყარებს ეჭვებს სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებზე – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

NGO-ების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ:

” თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის” ,- ვკითხულობთ განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს:

“აქედან გამომდინარე- და რადგან არ გვაქვს იმედი, რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე. ამასთან, მოვლენებისათვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვდნენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
საზოგადოება და ბანკები
მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიის განვითარების ფონდი

წაიკითხეთ რა თქვა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო:

6 ახალი და საყურადღებო ამბავი, რაც ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლიდან გავიგეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი