ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ეროვნულ ბანკს რელევანტური რეგულაციების შემუშავების შესახებ მოუწოდა. ანგარიშის მიხედვით, მსგავს პრაქტიკას ეროვნული ბანკი არ უარყოფს და განმარტავს, რომ ეს ქვეყნები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, “საყურადღებო ზონების ნუსხაშია შეყვანილი”.
ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა
ანგარიშის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თემის წარმომადგენელთა მხრიდან ორიენტაციისა და იდენტობის ნიშნით სავარაუდო დანაშაულების შესახებ მიმართვა ამ საანგარიშო პერიოდშიც მაღალი იყო.
ომბუდსმენი ნეგატიური დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის კონტექსტში ყურადღებას რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობა 17”-სთვის საოფისე ფართის მიქირავებაზე უარის თქმა მათი საქმიანობის გამო. ასევე, გასული წლის 17 მაისს, სიტყვით გამოსვლისას, გეი აქტივისტზე თავდასხმა, სექტემბერში “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან მომხდარი ინციდენტი და აგრესიული კამპანია ფეხბურთელ გურამ კაშიასადმი, რომელმაც ლგბტ+ პირების თანასწორობას მხარი დაუჭირა.
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის სამსახურს მიმართავდნენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსგენდერთა საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება. ომბუდსმენი საკითხს სწავლობს.
დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები ყველაზე ხშირად გვხვდება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ვაკანსიებში დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს აკრძალავს. აღნიშნული რეკომენდაციით მან სახელმწიფოს უკვე მიმართა.
დოკუმენტის თანახმად, ამ კუთხით შევიწროების საკითხი ყველაზე მეტად საჯარო სკოლებში გამოვლინდა. განმცხადებლები ახლაც მიუთითებდნენ დისკრიმინაციული საფუძვლით საგაკვეთილო საათების შემცირებასა და სხვა შეზღუდვებზე.
ანგარიშის თანახმად, შრომით ურთიერთობებში კვლავ რჩება გამოწვევად პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია. ომბუდსმენმა ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვის შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა, ვინაიდან, ფაქტობრივი მასალების თანახმად, განმცხადებელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს უნივერსიტეტში 2016 წლის აპრილში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის გამო.
დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით დაწესებული კრიტერიუმები ზოგჯერ გამორიცხავს მათზე ხელმისაწვდომობას შშმ, განსაკუთრებით კი, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია რეაბილიტაციის პროგრამაში 5 წლამდე ბავშვთა ჩართულობის საკითხი: აღნიშნულის ძალით, 5 წელს ზემოთ ბავშვებს დაფინანსება უწყდებათ და მომლოდინეთა სიაში გადადიან, რაც მათ მკურნალობის უწყვეტობას აფერხებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არაერთგზის მოუხდენია რეაგირება რიგი მუნიციპალიტეტების სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებითაც. ანგარიშის თანახმად, ორი დისკრიმინაციული მიდგომა სხვადასხვა დროს გამოასწორეს ზესტაფონისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებმა.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ სოციალური სარგებლის მიღებისას დისკრიმინაცია ვლინდება მაშინაც, როცა გარკვეული უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, მუდმივი ბინადრობის მქონე პირები კი ამ სარგებელს მოკლებულნი არიან. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მოუწოდა, ორივე ჯგუფზე მსგავსი მიდგომა გაავრცელოს.
დისკრიმინაციის წახალისება
“სამწუხაროდ, თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამების შემთხვევები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც არაერთხელ დაფიქსირდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველმა ამ კუთხით პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ყველაზე ხშირად დისკრიმინაციული განცხადებები ქალების მისამართით ისმის. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის შეხვედრა ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობასთან, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. მაშინ ისმოდა “არგუმენტები”, რომ ქალებისათვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგმა კი ქალთა არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. ამ უკანასკნელს თემურ აბაზოვიც დაეთანხმა.
სახალხო დამცველს ასევე შესწავლილი აქვს სასამართლოს, მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, ასევე კერძო ბიზნესის სუბიექტების ქმედებები. შესწავლის საგანი საკანონმდებლო აქტებში დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინებიც იყო.
ერთ-ერთ ასეთ ტერმინად სახალხო დამცველმა “ოჯახის უფროსი” მიიჩნია და მისი სხვა უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლება მოითხოვა. ანგარიშის თანახმად, რეკომენდაცია შესრულების პროცესშია.
სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები
ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველისათვის ახლაც ბუნდოვანია, თუ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით.
სახალხო დამცველმა 2015-2018 წლებში აპარატში შესული მსგავსი განცხადებები ერთ დოკუმენტში გააერთიანა. ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს 50-ზე მეტ ფაქტს სიძულვილის მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში არსებული ხარვეზების, ასევე, სამართალდამცავთა მიერ სიძულვილის მოტივით მიყენებული სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.
სახალხო დამცველის ცნობით, შემთხვევები, როცა გამოძიების პროცესში დისკრიმინაციული საფუძველი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა, შეწყდა ან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო არც დაწყებულა, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ და სხვა ქმედებებს ეხებათ. საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე, ავტომანქანის განგებ დაჯახებაზე, რელიგიური ლიტერატურის დაწვასა და რელიგიური დანიშნულების შენობების დაზიანებაზე.
სახალხო დამცველი საუბრობს ლგბტ+ პირთა მიმართ სავარაუდო სიძულვილით ჩადენილ ფაქტებზეც, როცა გამოძიების მიერ დისკრიმინაციული მოტივი არ გამოიკვეთა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა ამის დასადგენად.