საქართველო “ტროიკის ლონდრომეტის” სქემაში

ავტორები: დაივიდ ბლოსი და ნინო ბაქრაძე/ifact


თბილისის მერიამ შპს „თბილისის წყალი“ 2008 წელს „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედზე გაასხვისა.“ კომპანიას მოგვიანებით შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ეწოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ გარიგებით ქვეყანაში შემოსული 60.8 მლნ დოლარი რუსეთიდან არალეგალურად იყო გამოტანილი.

„ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP) ორშაბათს გამოაქვეყნა მასალა, სახელწოდებით „ტროიკის ლონდრომეტი.“ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია 400 მილიარდი დოლარის ღირებულების გადარიცხვები, მათ შორის, როგორ გამოიტანეს 3.5 მილიარდ ევროზე მეტი რუსეთიდან 2006-2012 წლებში.

OCCRP-ის მიერ მომზადებული პროექტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

„ტროიკის ლონდრომეტი“ მომზადდა გამოჟონილი 1.5 მილიონი საბანკო გადარიცხვის, ათასობით მეილის, კონტრაქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. პროექტზე OCCRP-სთან ერთად ათობით მედიასაშუალება თვეების მანძილზე მუშაობდა. მათ შორისაა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტიც.“

სომხეთში დაბადებული რუბენ ვარდანიანი რუსეთში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკის „ტროიკა დიალოგის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. ბანკისა და 60-მდე კომპანიის თანამშრომლობით მილიარდობით დოლარი თეთრდებოდა, ყიდულობდნენ წილებს რუსულ კომპანიებში, ათავსებდნენ ამ თანხას ოფშორულ ანგარიშებზე ან ინვესტიციას დებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.

„ტროიკის ლონდრომეტის“ სქემაში ჩართულ კომპანიებს იყენებდნენ რუსი ბიზნესმენების მიერ ისეთ ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების დასაფარად, სადაც რუსებს სიხარულით არ ხვდებიან.

2008 წლის ზაფხულში, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, ლონდრომეტის საშუალებით მულტიპლექს ენერჯი ლიმითედმა 85 მილიონი დოლარი მიიღო. მულტიპლექსი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც ამ თანხის ნაწილით შპს „თბილისის წყალი“ შეიძინა.

კომპანიის საბოლოო მფლობელებისა და ფულის წარმომავლობის შესახებ ქართველებს კარგახანს ჰქონდათ კითხვები.

მულტიპლექსამდე ეს ფული სამი მსხვილი კომპანიისა და რუსული საინვესტიციო ფონდის, „რენესანს კაპიტალისგან“ მოვიდა.

2008 წელს მულტიპლექსის 85 პროცენტის მფლობელი იყო ანდრეი რაპაპორტი. 15 პროცენტს კი ქართველები ფლობდნენ, რომელთა ვინაობა „ტროიკის ლონდრომეტის“ ფარგლებში დადგენილი არაა.

უკრაინაში დაბადებული რაპაპორტი „ტროიკის ლონდრომეტის“ მთავარი მომხმარებელი იყო და სქემის შემქმნელებთანაც ახლო კავშირი ჰქონდა. 2002-2004 წლებში რაპაპორტი 1 პროცენტს ფლობდა ბანკ „ტროიკა დიალოგში.“

ის რუსულ-ებრაული კონგრესის წევრიცაა, რომელიც „ტროიკის ლონდრომეტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო.

1991 წელს რაპაპორტი რუსეთში მოქმედი ალფა ბანკის ხელმძღვანელი იყო. 1997-2008 წლებში- რუსული ენერგო კომპანიის, „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელის თანაშემწე.

შპს „თბილისი წყალი“ 1997 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა და 2008 წლის მონაცემებით, კომპანიის აქტივების ღირებულება 199 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ამ დროს კი ორგანიზაცია 60.8 მლნ დოლარად ყოველგვარი აუქციონისა და გამჭვირვალობის გარეშე გასხვისდა.

მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს მოგვიანებით ჯორჯიან გლობალ უთილითიზ (GGU) ეწოდა. 2014 წელს BGEO ჯგუფმა, რომელშიც საქართველოს ბანკიც შედიოდა, ჯორჯიან გლობალ უთილითიზში 25 პროცენტი 47.6 მილიონ ლარად, 2016 წელს კი დარჩენილი 75 პროცენტი 152.6 მილიონ ლარად შეიძინა.

BGEO ჯგუფი 2018 წლის მაისში „საქართველოს ბანკის ჯგუფად“ და „საქართველოს კაპიტალად“ გაიყო.

ილუსტრაცია: occrp

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი