საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, 4 მარტს, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბანკი ამბობს, რომ კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევისადმი ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
“ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.
შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს,” – წერია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი ამ განცხადებით ეხმაურება მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას. ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა.
“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. მათ დამოუკიდებელ დირექტორებს გამოუგზავნეს წერილი. მინდა გითხრათ, რომ თიბისი ბანკს სამეთვალყურეოს 7 წევრი ჰყავს აქ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქაური 7 წევრიდან 5 დირექტორად არის დანიშნული ლონდონში მყოფი წევრების მიერ. ისინი არიან უცხოელები, არიან დამოუკიდებლები. მე და ბადრის გვაქვს ორი ხმა და გადაწყვეტილების მისაღებად ეს ორი ხმა საკმარისი არ არის სამეთვალყურეო საბჭოში. პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე, რომელიც, ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა და უთხრა, რომ ცოტაა.
მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 ათასსაც არ გადავიხდით და ვუთხარი, რომ არ არის სწორი, 11 წლის წინანდელი ამბავი როგორც მიგყავთ. ამის შემდეგ გამოაგზავნეს ახალი წერილი და ჯარიმა მილიონ ლარზე და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან. მათ მოითხოვეს, დირექტორებს განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი: ან ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.