ახალი ამბები

დააკავეს ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე

3 მარტი, 2019 •
დააკავეს ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, გამგებლის მოადგილეს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა,  სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, 2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა  და შპს “ტობემ”  სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში  დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით. შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხვიჩა გუმბერიძეს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

პროკურატურის ცნობით, ხვიჩა გუმბერიძემ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს “ტობეს” და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.

“სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა. გამგებლის მოადგილის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა” – აცხადებს პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი