ახალი ამბებისამართალი

პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მამალაძე, რადგან უდანაშაულოა – ხოშტარიამ დეკანოზი მოინახულა

1 მარტი, 2019 •
პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს მამალაძე, რადგან უდანაშაულოა – ხოშტარიამ დეკანოზი მოინახულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე მოინახულა. დაახლოებით საათნახევრიანი შეხვედრის დეტალებზე ევროპული საქართველოს წევრმა მედიასთან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ელენე ხოშტარიას თქმით, დეკანოზს მარჯვენა მხარე წართმეული აქვს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

მან თავად მითხრა, რომ მისი ღუდუშაურიდან გადმოყვანა საეჭვიდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. დეკანოზის თქმით, ეს ნაბიჯი მისი და მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ მოხდა. ანუ გაუგებარია, რატომ გადმოიყვანეს”, – ამბობს დეპუტატი.

როგორც ხოშტარა აცხადებს, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ საქმეშია:

ძალიან კონკრეტულ დარღვევებზე, თუ როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები და როგორ ცალსახად ჩანდა ინტერესი, რომ ეს ადამიანი გაჭყლეტილიყო. მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი”.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტი რომ თავად არ მიიღებს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას, კარგად ჩანს. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს დეკანოზის შეწყალების გადაწყვეტილება, რადგან, მისი თქმით, გიორგი მამალაძე საშინელ მდგომარეობაში, უსამართლოდ იმყოფება ციხეში.

დეპუტატის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით დარღვევები იყო მთლიანად პროკურატურის და პოლიტიკური ვერტიკალის მხრიდან.

ხოშტარიამდე, ციხის საავადმყოფოში დეკანოზ გიორგი მამალაძე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მოინახულა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა მედიასთან განაცხადა, რომ საპატრიარქო მზად არის, მიმართოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და მას მალე შეიწყალებენ.

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

გუშინ, 28 თებერვალს, ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის თანაშემწე და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც შეხვდა.

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”


  • დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
  • პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
  • მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
  • 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
  • მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
  • თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
  • დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი