ახალი ამბები

პროკურატურას ვთხოვთ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები გამოაქვეყნოს – ადვოკატი

1 მარტი, 2019 •
პროკურატურას ვთხოვთ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკითხვის ოქმები გამოაქვეყნოს – ადვოკატი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურას სთხოვს, სრულად გამოაქვეყნოს მათი დაკითხვის ოქმები.

კორძაძე განმარტავს, რომ ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, რასაც პროკურატურაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ, ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკითხვის ოქმები უნდა გასაჯაროვდეს.

“ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო, რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება, გააკეთოს დასკვნები,”-წერს ადვოკატი.

დღეს, პირველ მარტს, კორძაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თიბისი ბანკიდან 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციის საქმეს პროკურატურა საიდუმლო გრიფით იძიებს. როგორც ნეტგაზეთს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნულ საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ ადევს.

პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ უწყება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმის გასაჯაროებას არ აპირებს.


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი