ახალი ამბები

რატომ არის საშიში საჯარო ბაზებზე წვდომის შეზღუდვა

1 მარტი, 2019 • 2604
რატომ არის საშიში საჯარო ბაზებზე წვდომის შეზღუდვა

საჯარო რეესტრის მონაცემები, ამომრჩეველთა სიები, საჯარო მოხელეების დეკლარაციები, მიმდინარე აუქციონები არის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ გამჭვირვალობისა და კორუფციის საკითხებზე. ამ რესურსების საშუალებით შესაძლებელია საჯარო პირთა ნათესაური კავშირების გადამოწმება, მათ მიერ დაგროვებული ქონების შემოწმება და ა.შ.  არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ბაზებზე რაიმე სახის შეზღუდვა სერიოზული დარტყმა იქნება გამჭვირვალობაზე.

ეს რესურსები მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვისაც – სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორი საჯარო უწყებების მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იწყებს დისკუსიას საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესაძლო შეზღუდვაზე.

კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ “მონაცემთა გასაჯაროება და პერსონალური მონაცემების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობა ხშირად გარკვეული უხერხულობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ზიანის მომტანია მონაცემთა სუბიექტებისთვის”. საუბარია  მონაცემთა ბაზებზე, რომელში დაცული ინფორმაციის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და, შესაბამისად, უწყებები უზრუნველყოფენ მათ ხელმისაწვდომობას ვებსაიტებზე: napr.gov.ge; voters.cec.gov.ge; declaration.gov. ge; privatization.ge და სხვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიუთითებს, რომ “აღნიშნული ბაზების მარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორც წესი, არ ითვალისწინებს შეზღუდვას ბაზებში განთავსებული პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვებგვერდების ტექნიკური ფუნქციონალიც ნაკლებად შეიცავს მონაცემთა მოპოვების შემზღუდავ მექანიზმებს”.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თავადაც წერს, რომ მოცულობითი მონაცემთა ბაზები საჯარო დაწესებულებებში განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების ეფექტიანობის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა უსაფრთხოების, უფლებების დაცვის, შემოსავლებისა და გადასახადების ადმინისტრირების, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ლეგიტიმური მიზნებით იქმნება. თუმცა, ამავდროულად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, “მონაცემთა ბაზის საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვროს ლეგიტიმური მიზნებისთვის გამოსაქვეყნებელი პერსონალური მონაცემების მოცულობა, მათი მოძიების კრიტერიუმები, შემდგომი დამუშავების მიზნობრიობა და გამოქვეყნების ვადები”.

ანგარიშის თანახმად, ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა კანონის საფუძველზე გასაჯაროებული არაერთი მონაცემთა ბაზა, მათ შორის, ერთ-ერთი განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ privatization.ge-ზე შესაძლებელია სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებულ აუქციონში გამარჯვებული პირების სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მოძიება. ინსპექტორმა სააგენტოს დაავალა, შეეფასებინა და დაედგინა საჯაროობის, გამჭვირვალობისა და სხვა კანონიერი მიზნებით მონაცემების ხელმისაწვდომობის ვადა და მიეღო ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომლებიც შეზღუდავდა განმცხადებლის პირადი ნომრის ინტერნეტსაძიებო სისტემაში მარტივად ხელმისაწვდომობას.

ინსპექტორი საუბრობს ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების (ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ) არამიზნობრივად გამოყენების არაერთ შემთხვევაზე და წერს, რომ “აღნიშნულ ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები”.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე კი ქვეყნდება თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომლებიც ასევე მოიცავს თანამდებობის პირის ოჯახის წევრების ვინაობის, დასაქმების, შემოსავლების, საცხოვრებელი ადგილისა და საკუთრების შესახებ ინფორმაციას. ბიუროს ვებგვერდზე განთავსებულია 1998 წლიდან წარდგენილი დეკლარაციები, მათ შორის, გარდაცვლილი და ყოფილი თანამდებობის პირების (რომელთაც ათეული წლის წინ დატოვეს საჯარო სამსახური).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აზრით, “სასურველია, რომ კანონმდებლებმა იმსჯელონ, ლეგიტიმური მიზნებისთვის რამდენად აუცილებელია გარდაცვლილი და ყოფილი თანამდებობის პირების მონაცემების ინტერნეტსივრცეში განუსაზღვრელი ვადით ხელმისაწვდომობა”.

რა საფრთხეს შეიცავს ინსპექტორის ინიციატივა

როგორ უნდა იყოს დაცული ბალანსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საჯარო ინტერესსა და მონაცემთა სუბიექტების პირადი ცხოვრების უფლებებს შორის? ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციები ინფორმაციის დახურვის ძალიან მაღალ რისკს ქმნის.

“ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი უკმაყოფილოა, მაგალითად, დეკლარაციების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. არის სხვა საკითხებიც. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან სახიფათოა და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ეტაპზე ინფორმაციის დახურვა – პირიქით, უფრო მეტი საჯაროობაა საჭირო, ვიდრე ინფორმაციის შეზღუდვა. პერსონალური მონაცემების დაცვასაც თავისი ლეგიტიმური მიზანი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჯაროობის კუთხით ლეგიტიმური მიზანია, რომ მოვახდინოთ კორუფციის პრევენცია, პროცესები იყოს ღია და გამჭვირვალე იმისთვის, რომ არ დავბრუნდეთ იმ ეპოქაში, როდესაც კორუფციას და ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლევან ავალიშვილმა.

ავალიშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლო საჯაროობასთან უფრო მაღალ სტანდარტებს დააწესებს, ვიდრე დღეს არის.

“ზოგადად, ყველა მიმართლებით ტენდენცია დახურულობისკენ მიდის. სასამართლო გადაწყვეტილებების დაშტრიხვა სერიოზული პრობლემა გახდა. დღეს არსებული სტანდარტები არა მხოლოდ დაცული უნდა იყოს, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ საჯაროობის მიმართულებით. საჯაროობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც საზოგადოებას საშუალება აქვს, სახელმწიფოზე კონტროლი განახორციელოს. თუ ეს ინსტრუმენტი დაიხურა  პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, მთლიანად საჯაროობის სისტემას და მერე უკვე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასაც საფრთხე ექმნება”, – განაცხადა ავალიანმა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება პრობლემებს შეუქმნის გამომძიებელ ჟურნალისტებსაც. გიორგი მგელაძის თქმით, “ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია, რაც გააუარესებს გამჭვირვალობის დღეს არსებულ სტანდარტს, არის ცუდი”.

“არ მეგულება ჟურნალისტი ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც მხარს დაუჭერს ამ იდეას. ეს არის არა ჩვენი აკვიატება, რომ მოგვწონს სხვისი “პირადი” ინფორმაციის ძებნა და გამოაშკარავება. ჩვენი ქვეყნის უახლოესმა წარსულმა აჩვენა, რომ საჯარო მოხელეები ცდილობენ სხვადასვა კორუფციული ფაქტების მიჩქმალვას. მოდარაჯე ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა გვიწევს კონკრეტული კორუფციული ფაქტების გამოსავლენად. რეესტრის, ცესკო-ს, დეკლარაციების და პრივატიზაციის ვებგვერდებია ის წყაროები, საიდანაც ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას ამა თუ იმ კორუფციული ფაქტის, კანონდარღვევის შესახებ და ამ ინფორმაციას ვაცნობთ საზოგადოებას. არ შეიძლება დღეს ვისაუბროთ სტანდარტის გაუარესებაზე”, – განაცხადა მგელაძემ.

მისივე თქმით, ჟურნალისტებს პირიქით აქვთ მოლოდინი, რომ საქართველო უფრო გამჭვირვალე სტანდარტს დანერგავს და გაიზიარებს ისეთი ქვეყნების პრაქტიკას, სადაც კერძო კომპანიების წლიური ბალანსი არის ღია; ასევე, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი დასაქმებულის კონკრეუტლი ინფორმაცია არის საჯარო;

“მიუღებელია ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა ადამიანის უფლებების კუთხით, ინსპექტორი საუბრობდეს მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ვინმესთვის შემქნილ უხერხულობაზე”, – დასძინა მგელაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი უნდა ერიდებოდეს ისეთ შეფასებებს, რომლებიც შეიძლება, ხელისუფლებისთვის საჯარო ინფორმაციის დახურვის ინსპირაცია გახდეს.

“მე მესმის ის შეშფოთება, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საუბრობს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ამბავი კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით ყოფილ ან მოქმედ ჩინოვნიკებთან, მათ ოჯახის წევრებთან და ა.შ. ვიცით იმიტომ, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძველი კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხოლო მომზადებული ახალი კანონპროექტი წლებია, იუსტიციის სამინისტროში თაროზე დევს, ისეთი რეგულაციების შემოტანა, რომელიც კიდევ უფრო დახურავს ინფორმაციას, დამაზიანებელი იქნება”, – განაცხადა სალაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის რეგულაციების შემოღებას ემხრობა. ნეტგაზეთმა აპარატს მიმართა კითხვებით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

ინსპექტორი ამომრჩეველთა სიის გამოყენების წესებისა და აკრძალვების დარეგულირებას ითხოვს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი