პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასებით, მონაცემთა გასაჯაროებისას ინფორმაცია განუსაზღვრელი ვადით ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოების ფართო, შეუზღუდავი წრისთვის და მათი გავრცელების შემდგომი კონტროლი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
როგორც ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში არის ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა მონაცემთა გასაჯაროების არაერთი ფაქტი შეისწავლა და გარკვეულ შემთხვევებში, სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
კერძოდ, 2018 წელს, ორი უნივერსიტეტის შემოწმებისას დადგინდა, რომ უნივერსიტეტებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია (სია მოიცავდა სტუდენტების სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს). უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად სტუდენტთა ინფორმირებას ასახელებდნენ. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.
ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში. მათ ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება. ანგარიშში აღნიშნული უნივერსიტეტები დასახელებული არ არის.
ამავე ანაგარიშის თანახმად, არაპროპორციული მოცულობით ინფორმაციის გასაჯაროებას შეეხებოდა კიდევ ერთი მოქალაქის განცხადება. განმცხადებელსა და ერთ-ერთ ორგანიზაციას შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა. ორგანიზაციამ ტელევიზიით გაასაჯაროა განმცხადებლის გვარი, მის ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა და თარიღები, ასევე, ინფორმაცია მისი ნათესაური კავშირების შესახებ.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გაზეთში საჯაროდ გამოაქვეყნა განმცხადებლისა და მისი თავდებისთვის განკუთვნილი შეტყობინებები. შეტყობინებები შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას განმცხადებლის სასესხო ვალდებულების შესახებ, დასახელებული იყო გირავნობის საგნის რეალიზაციის თანხა და მისი მყიდველის სახელი და გვარიც. კომპანიის განმარტებით, გაზეთში შეტყობინებების გამოქვეყნების საფუძველი იყო მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განმცხადებლის მიერ გამოხატული თანხმობა. ხელშეკრულების თანახმად, თუ მსესხებელს სხვაგვარად ვერ ჩაბარდებოდა შეტყობინება, ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო შეტყობინება გაევრცელებინა საჯაროდ. კომპანიის განმარტებით, შეტყობინებების გამოქვეყნების მიზანი იყო სასამართლოში სარჩელის წარდგენა და სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ინსპექტორმა არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი არბიტრაჟის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არბიტრაჟი თავის ვებგვერდზე ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ფორმით, განუსაზღვრელი ვადით აქვეყნებდა საჯარო შეტყობინებებს, რომლებიც შეიცავდა საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას (მხარეთა სახელებს, პირად ნომრებს, დავის საგნის შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციაა, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები მონაცემთა გასაჯაროებამდე უნდა დარწმუნდნენ, რომ:
- არსებობს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- მონაცემთა გასაჯაროება აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემების მოცულობა შეესაბამება მისაღწევ მიზანს;
- მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მიზნის ადეკვატური ვადით.