საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ოჯახში ძალადბისთვის ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების განცხადებით, 2019 წლის 30 იანვარს ჩხოროწყუს რაიონში ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.ზ-მ თავის საცხოვრებელ სახლში ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს – ა.ნ-ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა.ნ. წაიქცა, შემდეგ კი გ.ზ-მ ასევე ხელი დაარტყა მის არასრულწლოვან შვილს.
პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) ჰქონდა წარდგენილი.