პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეისწავლა შსს-ს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის სამართალდამცავ ორგანოთა ვებ-გვერდებზე გასაჯაროება და მედიასაშუალებებისთვის გამჟღავნება.
2018 წელს ინსპექტორის ინიციატივით შესწავლილ ერთ-ერთ შემთხვევაში გარდაცვლილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ვებგვერდზე გასაჯაროებისას გამოყენებული დეპერსონალიზაციის ფორმა არასაკმარისად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მედიასაშუალებების მიერ მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია პირის არაპირდაპირი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია ვებგვერდიდან წაიშალა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში შესწავლილი ერთ-ერთი განცხადება შეეხებოდა მშობლებისთვის შემაკავებელი ორდერის გადაცემითა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ასლის გაცნობის გზით შვილის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას.
“სამინისტროს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა სუბიექტი სამინისტროში წარდგენილ რამდენიმე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ არ სურდა თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მშობლებისათვის გამჟღავნება, სამინისტროს თანამშრომელმა გააცნო მას შესაძლო ღონისძიებების სახეები და ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ ორდერის გამოცემის შემთხვევაში მოძალადეებისათვის ცნობილი გახდებოდა მსხვერპლის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ მოძალადეების მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოებისთანავე საქმეში ჩაერთვებოდა საპატრულო პოლიცია და აღკვეთდა საფრთხეს. სამინისტროს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მოაწერა ხელი მონაცემთა სუბიექტმა ორდერს. თავის მხრივ, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მისთვის არ განუმარტავთ შემაკავებელი ორდერის შინაარსი და მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერა ორდერს, არც კი შეუნიშნავს, რომ მასში ასახული იყო ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. განმცხადებელი ასევე განმარტავდა, რომ მშობელთა მხრიდან დევნის გამო იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად გაეაზრებინა ყველა პროცესუალური დეტალი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს”, – ნათქვამია ანგარიშში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსგავს შემთხვევებში მსხვერპლი შესაძლოა იყოს აღელვებული და სათანადოდ ვერ აღიქვამდეს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აზრით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მსხვერპლისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიცხადეს, მისი ნების თავისუფალ გამოვლენასა და მტკიცებულების შექმნას მონაცემთა სუბიექტის ჯეროვანი ინფორმირების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიეცა რამდენიმე რეკომენდაცია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ინსპექტორის რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამინისტრომ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაუგზავნა მითითება, რომლითაც დაევალათ, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ მოძალადეებისათვის გასამჟღავნებელი მონაცემების მოცულობის შეფასება და მონაცემთა გამჟღავნების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მსხვერპლის/მონაცემთა სუბიექტის სათანადო ინფორმირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმართვიანობისა და ინსპექტირებების ზრდის ტენდენცია მეექვსე წელია უცვლელია.
ანგარიშის თანახმად, მოქალაქეების 382 მიმართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება კი ვერ მოხერხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.