ახალი ამბები

ღაძაძე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თიბისი საქმეში ფიგურირებს, კომენტარს არ აკეთებს

28 თებერვალი, 2019 •
ღაძაძე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თიბისი საქმეში ფიგურირებს, კომენტარს არ აკეთებს

პაატა ღაძაძე, რომელზეც დღეს, 28 თებერვალს პროკურატურამ ბრიფინგზე ისაუბრა, კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს თიბისი ბანკის პრესსამსახურში უთხრეს.

პროკურატურის მტკიცებით, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე ოფშორში რეგისტრირებულ იმ კომპანიას წარმოადგენდა, რომელმაც სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდის” ნაცვლად, თიბისი ბანკისთვის 17 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება აიღო.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პ.ღ, [პაატა ღაძაძე] რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი