“ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სომხეთში გაზის მიწოდება აღდგეს 2-3 დღეში, რადგან დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გაზის მილი დაზიანდა,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დევდორაკის ხეობაში გუშინ გვიან ღამით ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩრდილოეთ-კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რომლითაც ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.
შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.
