ახალი ამბები

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოს უფლებაა – ნატო-ს ელჩი კარასინის საპასუხოდ

28 თებერვალი, 2019 • 1258
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოს უფლებაა – ნატო-ს ელჩი კარასინის საპასუხოდ

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს ნატო-სთან დაახლოების “საფრთხის” შესახებ.

პუგლისი ამბობს, რომ ნატოს საქმიანობა საქართველოში ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდას და არა აგრესიას.

“რასაც ვაკეთებთ აქ, საქართველოში, ზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ არ ვზრდით საქართველოს აგრესიულ შესაძლებლობებს. საქართველოს აქვს უფლება გაძლიერდეს, რომ უკეთ შეძლოს დაიცვას თავისი ხალხი და თავისი ტერიტორია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, – განაცხადა როსარია პუგლისმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურმა სერ კლაივ ჯონსთოუნმაც. მისი თქმით, ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია და მისი საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა.

მისი თქმით, საქართველომ ბოლო 5 და მეტი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

“მე, როგორც საქართველო დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო საქართველოს მის მოგზაურობაში ნატო-სთან ერთად თუ ნებისმიერ სხვასთან”, – განაცხადა კლაივ ჯონსთოუნმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების ჩათვლით.

ამავე თემაზე:

“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?

მასალების გადაბეჭდვის წესი