ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს უმცირესობა საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებას ითხოვს

21 აგვისტო, 2014 • • 1027
თბილისის საკრებულოს უმცირესობა საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებას ითხოვს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  განათლებისა და კულტურის კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა სკოლამდელი აღზრდის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

 

როგორც საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელმა განაცხადა, მნიშვნელოვანია კერძო ბაღების სისტემის წახალისება ისე, რომ ეს არ აისახოს ოჯახის ბიუჯეტზე.

 

,,ვაუჩერული დაფინანსება დედაქალაქს ბევრად იაფი დაუჯდება, ვიდრე მუნიციპალური ბაღების მშენებლობა და, რაც მთავარია, კერძო ბაღების განვითარების პარალელურად გაჩნდება სამუშაო ადგილები“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განმარტა, რომ ვაუჩერიზაციის განსახორციელებლად ამ ეტაპზე არც ტექნიკური და არც სამართლებრივი საშუალება არ არსებობს.

 

თემურ თოლორდავას თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ორი ან სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა, მომავალ წელს კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას განათლებისა და კულტურის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გამოავლენს  ძირითად ორიენტირებს, განსაზღვრავს პროექტების შეფასების კრიტერიუმებს და შეიმუშავებს დასახული ამოცანების ეფექტური გადაჭრის გზებს.

 

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ერთიანი მიდგომა გამოასწორებს სკოლამდელი აღზრდის საკითხში დაგროვილ პრობლემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი