“ამერიკული საზოგადოების დაცვა კრემლის აგრესიისგან” – ასე ჰქვია სანქციათა ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების რამდენიმე სენატორმა წარადგინა. სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციასა და აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევას ეხება.
Reuters-ის ცნობით, სანქციათა პაკეტი მოიცავს რამდენიმე ქვეთავს, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო უკანონო ქმედებებს აერთიანებს. მათ შორისაა უკანონო კიბერაქტივობები, კორუფცია, ჩარევა რიგ დემოკრატიულ პროცესებში, არჩევნებსა და ა.შ. პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტს ევალება, სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი.
ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, სანქციები რუსეთის გაზისა და ნავთობის წარმოებასაც შეუქმნის პრობლემებს. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სანქციებს დაექვემდებარებიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ უწყობენ ხელს რუსეთის შესაძლებლობას, განავითაროს თხევადი გაზის ობიექტები რუსეთის საზღვრებს გარეთ, 1-მილიონიანი ან მეტი ინვესტიციით. შემდგომი პუნქტი კი სანქციებით ემუქრება რუსეთის მთავრობის მფლობელობაში არსებული კომპანიების ენერგეტიკული პროექტების ხელშემწყობ პირებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ინიციატივა რუსეთის ფინანსური ბაზრის წარმომადგენელთათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრამმა კი, რომელიც ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერია, პროექტს უწოდა “სანქციები ჯოჯოხეთიდან”.
ახლა სანქციათა პაკეტი კონგრესმა უნდა განიხილოს. მისი უფრო ხისტი ვერსია გასულ წელს ჩავარდა.