ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ნაწილობრივ ცხენის ხორცი შეჰქონდა. მას მომხმარებლის მოტყუებას, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავებიან.
უწყების თანახმად, დაკავებულს ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის საფუძველზეც 2018 წელს ბაგა-ბაღებისათვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.
“ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს, ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც”, – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე სსკ-ს 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ამავე თემაზე:
სამტრედიის საბავშვო ბაღებს საკვებად ცხენის ხორცი მიეწოდებოდა