თამახ ახობაძის მიერ იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობის დაწყებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ ახობაძე იძულებული გახდა პროტექსტის ამ ფორმისთვის მიემართა, რადგან სახელმწიფო უწყებები უმოქმედოა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში გამოიხატა.
განცხადებაში წერია, რომ საიას დახმარებით, თამაზ ახობაძემ ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულა დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ (მათ შორის, ორჯერ უზენაეს სასამართლოში) და დაამტკიცა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
“სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა კონკრეტული თანამდებობის პირების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულის მუშაობის ხარისხთან და მის კომპეტენციასთან. მრავალწლიანი სასამართლო დავა საბოლოოდ 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა,” – ამბობს თამახ ახობაძე.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
– იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს – დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;
– აღსრულების ეროვნულ ბიუროს – მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;
– საქართველოს პროკურატურის ორგანოებს – წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.
თამაზ ახობაძემ შიმშილობა იუსტიციის სამინისტროს წინ გუშინ დაიწყო. თავდაპირველად სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად მივიდა, თუმცა, როგორც შემდგომ თავად განაცხადა, შეხვედრა უშედეგო გამოდგა და სამინისტრო კვლავ არ აპირებს შეასრულოს მისი მოთხოვნა.
ახობაძე ანა სუბელიანთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგადაც ახობაძემ სასამართლო დავა დაიწყო. მან სამინისტროს უზენაეს სასამართლოში 2-ჯერ მოუგო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მოთხოვნა აღადგინონ სამსახურში და გადაუხადონ განაცდური – მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა მაინც არ სრულდება.