თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თიბისის საკითხზე გამოძიების დაწყებით ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში თავს ესხმის ანაკლიის პორტის შენებლობის საკითხს. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემა “პოლიტმეტრში” ისაუბრა.
ხიდაშელის მტკიცებით, ივანიშვილის პოზიცია რუსეთთან ყოველთვის ე.წ არგაღიზიანების პოზიცია იყო. მისი თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, ანაკლიის კონსორციუმი პორტის ინვესტირების მოზიდვასა და მშენებლობის დაწყებას ვერ შეძლებდა, თუმცა უცებ აღმოაჩინა, რომ პორტის მშენებლობა რეალური იყო.
“ანაკლიის პორტის არის “არ გავახსენდეთ”, “არ გავაბრაზოთ” [რუსეთი], ამ პუნქტიდან. უცებ აღმოჩნდა, რომ კონსორციუმი სინამდვილეში წარმატებული გამოდგა და მან იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე იყო ჩაფიქრებული, პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკება დაასრულა. უცებ მან [ბიძინა ივანიშვილმა] აღმოაჩინა, რომ ამბავი, რომელიც მას ეგონა, დროში გაიწელებოდა ან არ მოხდებოდა და ამის გამო მეტნაკლებად მშვიდად უდგებოდა, რეალური აღმოჩნდა. ივანიშვილი პირდაპირ თავდასხმას ანაკლიის პორტზე არ განახორციელებდა. მან ძალიან კარგად იცის სად, როდის და რა ფორმატში უნდა იბრძოლოს. თიბისი ბანკზე შეტევა იგივე ანაკლიის პორტზე შეტევაა,” – ამბობს თინა ხიდაშელი.
მისივე თქმით, თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, რომელიც სინამდვილეში მიმართულია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, ქვეყანას დააზიანებს. ხიდაშელის მტიცებით, ამაზე სხვადასხვა ქვეყნის ელჩების განცხადებებიც მიუთითებს.
“ივანიშვილს თუ უნდა ამ სკანდალს გადარჩეს, ანუ უნდა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გაწირვის სკანდალს გადარჩეს, თვითონ ჩადოს ის ფული იმ პორტში, იმ კონსორციუმში, რაზეც მაია ცქიტიშვილი საუბრობდა, რომ დანაკლისია. ეს იქნება ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ის ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს კი არ დაუპირისპირდა, არამედ მართლა რაღაც სისსხლის სამართლის საქმე იყო და ვიღაცები დაინტერესდნენ,”-განაცხადა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის” ეთერში.
მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პორტი ივანიშვილის საკუთრება იქნება. ხიდაშელის განმარტებით, საუბარია “ქველმოქმედებაზე”.
20 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობისთვის 400 მლნ აშშ დოლარის სესხი აქვს მოსაზიდი. მისივე თქმით, კონსორციუმს ამ თანხის მოსაზიდად დრო 2019 წლის პირველ ივლისამდე აქვს.
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო.
- ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
- პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
- ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.